საუდის არაბეთი ალკოჰოლის ლეგალიზაციას უარყოფს

საუდის არაბეთი ალკოჰოლის ლეგალიზაციას უარყოფს
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმური ქვეყანაა, ალკოჰოლის ლეგალიზაციას გეგმავს. სიახლე, რომელიც თავდაპირველად, ღვინის თემატიკის ბლოგზე გავრცელდა, 2034 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდა, რომლისთვისაც ქვეყანაში მილიონობით ტურისტი ჩავა, რაც ქვეყნისთვის ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს ნიშნავს. ოფიციალური ერ-რიადის განცხადებით, ალკოჰოლზე ჯერ კიდევ 73 წლის წინ დაწესებული აკრძალვა, დღესაც ძალაში რჩება.

საუდის არაბეთი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანაა, რაც, დიდწილად, იმით აიხსნება, რომ ისლამი სწორედ იქ აღმოცენდა. ამასთან, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მუსლიმებისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა ობიექტი მექა და მედინა მდებარეობს. ალკოჰოლი ქვეყანაში ჯერ კიდევ 1952 წლიდანაა აკრძალული, როცა უფლისწულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ბრიტანელი დიპლომატი მოკლა. ალკოჰოლის მიღებას, მოგეხსენებათ, ისლამიც კრძალავს, ხოლო საუდის არაბეთი მეტად რელიგიური სახელმწიფოა.

საუდის არაბეთში არსებული მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, ალკოჰოლი ქვეყანაში მაინც შემოდიოდა, უმეტესწილად, არალეგალურად. ალკოჰოლის შეძენა უცხოელ დიპლომატებს საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ამ დრომდეც შეეძლოთ, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ სასმელი მათ დიპლომატიური ჩანთებითაც შემოჰქონდათ, რომელთა შემოწმების უფლება არავის აქვს. ამ გზით შემოსული ალკოჰოლი კი, ხშირად, შავ ბაზარზე იყიდებოდა, ცხადია, დიდ ფასად.

ქვეყანაში ლეგალურად გაყიდული ალკოჰოლი შავ ბაზარზე რომ არ მოხვდეს, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა – მაღაზიაში მოსახვედრად, ადამიანი სპეციალურ აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეს და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დასტური მიიღოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ქვეყნის ხელისუფლება კვოტას აწესებს, ანუ დიპლომატები გარკვეული მოცულობის ალკოჰოლური პროდუქტების შეძენას შეძლებენ – ასე, საუდის არაბეთის ხელისუფლება შავი ბაზრის პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს.

ალკოჰოლის გაყიდვის სრული აკრძალვის მიუხედავად, სასმლის ყიდვა საუდის არაბეთში მაინც შეიძლება. ამ მხრივ, გამოსარჩევია, როგორც შავი ბაზარი, რომელიც ყველგან და ყოველთვის არსებობს, ასევე ალკოჰოლის ერთადერთი მაღაზია, რომელიც დედაქალაქ ერ-რიადში ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გაიხსნა. ის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში მდებარეობს და მისი სტუმრობა მხოლოდ არამუსლიმ დიპლომატებს შეუძლიათ.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები მუჰამედ ბინ სალმანმა ჩაიგდო, ქვეყანა ლიბერალიზაციის გზას დაადგა. მას შემდეგ, საუდელებს და უცხოელებს შეუძლიათ, როგორც უდაბნოში წვეულებების მოწყობა, ასევე მოდის ჩვენებაზე დასწრება და კინოში სიარული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *