ტრამპის ტარიფები ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაიბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების დიდი ნაწილი, რადგან მან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

კერძოდ, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუცია კონგრესს უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის საკითხები დაარეგულიროს და ეს უფლება, თავის მხრივ, არ უგულებელყოფს პრეზიდენტის შესაძლებლობას დაიცვას ამერიკის ეკონომიკა.

“სასამართლო არ აფასებს პრეზიდენტის მიერ ტარიფების ბერკეტად გამოყენების ეფექტიანობას. მათი გამოყენება დაუშვებელი იყო არა იმიტომ, რომ არაგონივრული ან არაეფექტიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ ფედერალური კანონი ამის საშუალებას არ იძლეოდა”, – განაცხადა სამი მოსამართლის კოლეგიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საიმპორტო გადასახადის ზრდა ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. თებერვლიდან ამერიკამ თითქმის ყველა სახელმწიფოს გაუზარდა საბაჟო გადასახადი. 2 აპრილს ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა უწესებს სხვადასხვა მოცულობის ტარიფს (10%-დან 50%-მდე).

ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას გაზრდის. ის სატარიფო პოლიტიკის გადახედვის სანაცვლოდ, ქვეყნებისგან მეტი ამერიკული პროდუქტის ყიდვას ითხოვს. მაგალითად, ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდონ.

ტარიფები რეალურად იმპორტირებულ პროდუქტზე დაწესებული გადასახადია. იმპორტიორები, რომლებსაც ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან პროდუქტი შეაქვთ ტარიფს მთავრობას უხდიან. მაგალითად, 20%-იანი ტარიფი ჩინურ საქონელზე ნიშნავს, რომ 10-დოლარიანი პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, ტარიფი პროდუქტს 2 დოლარით აძვირებს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა ინფლაციურად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *