ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან რაზმაძეს გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნით წერილობითი მიმართვა გაუგზავნა.
„ბიუროს ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ბიუროს საქმიანობა ერთი ადმინისტრაციული შენობის ფარგლებში. აღნიშნული მიზნით ბიუროს 2025 წლის 01 მაისს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადმოეცა უძრავი ქონება, რომელიც საჭიროებს სამუშაო გარემოსთვის შესაბამის ინვენტარს, კერძოდ: სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესყიდვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვა. აღნიშნული შესყიდვა ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას, რაც საჭიროებს ხანგრძლივ ვადებს, ამასთან, არსებობს ალბათობა, რომ ელექტრონული ტენდერი არ შედგეს ან დასრულდეს უარყოფითი შედეგით. აღნიშნული გამოიწვევს ბიუროს მიმდინარე სამუშაო პროცესის არსებით შეფერხებას. თავის მხრივ, შესყიდვის განუხორციელებლობა გაართულებს ბიუროს ეფექტიან საქმიანობას”, – წერია რაჟდენ კუპრაშვილის წერილობით მიმართვაში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ოფისი ამ დრომდე მთავრობის კანცელარიაში იყო, თუმცა მაისის დასაწყისში მათ იჯარით თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩაზე 2667.6 კვ.მ ფართი აიღეს, სადაც განთავსდება ბიურო. ფართის მესაკუთრე შპს „სოლოლაკი ინვესტორს“-ია.
ცნობისთვის, „ქართული FARA”, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა აღასრულოს, ძალაში 31 მაისს შედის.