“ოცნების” შემომწირველმა გურამ თალაკვაძემ მანგანუმის რეალიზაციით დაკავებული “შპს მნკორპი” იყიდა
“ოცნების” შემომწირველმა მეწარმემ, გურამ თალაკვაძემ შპს „მნკორპის“ 100%-იანი წილი იყიდა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ თალაკვაძეს, რომელიც არაერთ კომპანიას ფლობს, მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე შპს „მნკორპი“ გასული წლის აგვისტოში აქვს ნაყიდი შალვა სირაძისგან. შესაბამის კონცენტრაციაზე თანხმობა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ახლახან გასცა.
ცნობისთვის, შპს „მნკორპის“ ძირითადი საქმიანობის სფეროა მანგანუმის კონცენტრატის რეალიზაციაა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ეს კომპანია შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მოვალეა. (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: შპს “მნკორპ”-ის კუთვნილი 50% შპს “ბლექ სი სოლუშენ”-ის კაპიტალში). თავად 1980 წელს დაბადებულ გურამ თალაკვაძეს „ოცნებისთვის“ ორჯერ აქვს ფული შეწირული: 50 000 ლარი – მიმდინარე წლის 28 თებერვალს და 45 000 ლარი – გასული წლის ივლისში.
როგორც კონკურენციის სააგენტოში bm.ge-ს განუმარტეს, სააგენტოს გვერდის ავლით, შეუტყობინებლად მოხდა წილის შეძენა, რის გამოც, შემძენი დაჯარიმდა. “შესაბამისად, როგორც ყველა შეუტყობინებლად განხორციელებული კონცენტრაციის შემთხვევაშია, პირის დაჯარიმების შემდგომ, სააგენტომ შეისწავლა კონცენტრაცია რამდენად თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და დაადგინა, რომ იგი არსებითად არ აუარესებდა ბაზარზე მდგომარეობას, რის გამოც გაიცა კიდეც სააგენტოს მხრიდან თანხმობა – წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე სხვა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდა სააგენტო”, – განგვიცხადეს კონკურენციის სააგენტოში.
შესაბამისი კონცენტრაციის გაცემამდე, GCCA-მა შეისწავლა მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი და ასევე, გურამ თალაკვაძის კუთვნილი კიდევ ერთი შპს – „მნ გრუპი – 2021“-ც, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითა და რეალიზაციითაა დაკავებული, და მისი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტიც, ვინაიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციის მოცულობა მისი საერთო გაყიდვების მცირე ნაწილს შეადგენდა.
შედეგად, როგორც სააგენტო იტყობინება, ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 30-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 149 755 401.50 კგ. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი გაუტოლდა 2849.7 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 5 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 967 242 ტონა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 9871.5 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
სააგენტოს პოზიციით, ორივე შესწავლილი ბაზარი, განსაკუთრებით კი მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი, 2023 წლისთვის, მაღალკონცენტრირებული იყო, თუმცა შპს „მნკორპისა“ და შპს „ მნ გრუპი – 2021“-ის საბაზრო წილები შესაბამის ბაზრებზე მცირე აღმოჩნდა. შეფასებულ ბაზრებზე კონცენტრაციის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი არ იყო კავშირში კონცენტრაციის ფარგლებში შესაფასებელი სუბიექტების საბაზრო მდგომარეობასთან და ის განპირობებული იყო ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილითა და თავად ბაზრის სტრუქტურით. შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენდა.
აღსანიშნავია, რომ GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 1 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.