ანტიკორუფციულმა ბიურომ ე.წ ქართული FARA-ს აღსრულების წესი დაამტკიცა

ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით შარშან ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 პირი დააჯარიმა
ანტიკორუფციულმა ბიურომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” ე.წ ქართული FARA-ს აღსრულების წესი დაამტკიცა.

31 მაისიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ აპრილში მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტით განისაზღვრა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის აღსრულების წესი. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი. კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.

კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით.

FARA-ში რეგისტრაციისთვის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, რეგისტრაცია ანტიკორუფციულ ბიუროში მოუწევთ. რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, უკანონოდ ჩაითვლება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია იმ საბუთების ჩამონათვალი, რაც ბიუროში რეგისტრაციისთვის იქნება საჭირო.

კერძოდ, უცხოური პრინციპალის რეგისტრაციის დროს წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) პირველადი განცხადების ფორმა;

ბ) ინფორმაცია უცხოური პრინციპალის შესახებ;

გ) ინფორმაცია განმცხადებელსა და თითოეულ უცხოურ პრინციპალს შორის შეთანხმებისა და თანამშრომლობის შესახებ, ასეთი შეთანხმების შესრულებასთან ან თანამშრომლობის ბუნებასთან და მეთოდებთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ასევე გვხვდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებზეც FARA არ გავრცელდება, თუმცა ჩამონათვალი საკმაოდ ზოგადია. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს უფლება აქვს კანონიდან ამოიღოს ის პირები, რომლებზეც FARA არ უნდა გავრცელდეს.

რეგისტრაციის ვალდებულებისგან ავტომატურად გათავისუფლდება დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აკრედიტებულად ჩაითვლება. სათანადო აკრედიტაცია გულისხმობს, რომ დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი აღიარებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. გამონაკლისი წესი გავრცელდება ასევე კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად. ტერმინი ვაჭრობა გულისხმობს ნებისმიერი სახის საქონლის, მომსახურების ან ქონების გაცვლას, გადაცემას, შეძენას ან გაყიდვას. ასევე საგამონაკლისო საქმიანობა მოიცავს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის განცხადება კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოა, ბიურო შეტყობინებას უგზავნის განმცხადებელს და მოითხოვს სამი სამუშაო დღის ვადაში გამოსწორდეს ეს შეუსაბამობა.

კანონი ასევე ითვალისწინებს ინსპექტირების დაწყებას, რომლის მიზანია:

ა) უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის გამოვლენა და საქმიანობის შესწავლა;

ბ) უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად, საინფორმაციო მასალის გავრცელების წესის შესაძლო დარღვევის გამოვლენა;

გ) უცხოური პრინციპალის აგენტის საქმიანობის მონიტორინგი;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

ამას გარდა, პირებს შეუძლიათ სააგენტოს მიმართონ კონსულტაციისთვის ვრცელდება თუ არა მათზე FARA. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ უცხოური პრინციპალის ნებისმიერი ამჟამინდელი აგენტი ან სავარაუდო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირი ან მათი წარმომადგენელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ბიუროს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემა ექვემდებარება თუ რეგისტრაციას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *