შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე, 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, შემოსავლების სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. როგორც ნატო ბოლქვაძე წერს, ამის მიზეზი “რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო “დეიოფზე” გამოცემული დისციპლინური დარღვევა” გახდა. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეთა პეტიციების ტალღაში და მანაც “დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე”. “ჩემი და შემოსავლების სამსახურის 14 წლიანი ურთიერთობა დასრულებულია. 1-ლი ივნისიდან გათავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან. საფუძველი: რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო “დეიოფზე” გამოცემული დისციპლინური. ახლა რა ხდება: შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე. მაგალითად, თუ პირი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია, გადაადგილდება პირადი ავტომობილით და შემთხვევით წითელზე გაიარა, ეს ჯარიმა “კანონიერი” საფუძველია სამსახურში დისციპლინური დევნის დაწყებისთვის. დიახ, აბსურდია, მაგრამ ასეა. მერე რა, რომ სამსახურს ეს არ ეხება და მერე რა, რომ დასაქმებულის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევაა, აბა როგორ, ავტორიტარიზმს ჩუმი და მორჩილი საჯარო სექტორი სჭირდება. გახსოვთ ალბათ ყველას, საჯარო მოხელეთა პეტიციების ტალღა, ჩვენც, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ვიყავით და დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე. ჩემი გათავისუფლება არ არის ერთი რეპრესიული შემთხვევა. ოფიციალურად ამ საფუძვლით გათავისუფლებული მხოლოდ მე ვარ, თუმცა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს სიტყვიერად მოსთხოვეს განცხადებების დაწერა, რასაც წინ უსწრებდა ამ თანამშრომლებზე დაწყებული დისციპლინური წარმოებები (როგორც ჩემზე), თანამშრომელთა ნაწილმა კიდევ შექმნილი რეპრესიული და დისკრიმინაციული გარემოს გამო თავად დაწერეს განცხადებები და წავიდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით, პეტიციაზე ხელმომწერი და დაჯარიმებული თანამშრომლების დევნა ჯერ კიდევ შინაგანაწესის ზემოხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე დაიწყო და პირველი საქმე ისეთი აბსურდული დასაბუთებით წარმართეს და იმდენად უკანონო ქმედებები ჩაიდინეს, რომ პროცესში მიხვდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა. ამიტომაც შეცვალეს შინაგანაწესი და დააკანონეს უკანონობა”, — წერს ნატო ბოლქვაძე. მისი თქმით, სააღდგომო დღესასწაულებზე, “დეიოფი” არ დაუდასტურეს და შექმნეს ფორმალური საფუძვლები მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მასზე მოკვლევის დაწყებისთვის. ამის შემდეგ, 19 მაისს მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა დისციპლინური “შენიშვნა”. “ამის შემდეგ, მალევე, 23 მაისს, კვლავ დამიბარეს და დაიწყეს მეორე დისციპლინური წარმოება გზის გადაკეტვის 5 000 ლარიან ჯარიმაზე.30 მაისს, საღამოს, 5 საათი იყო უკვე დაწყებული, საქმისწარმოების სამმართველომ დოკბრუნვაში დამაწერა ბრძანება დისციპლინური ზომის ‘სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ. კი, ეს ამბავი პირდაპირ ასე დოკბრუნვით გავიგე არც ბრძანების დაწერამდე, არც დაწერის შემდეგ, რისკების სამმართველოს არცერთი მოქმედი უფროსი არ დამკავშირებია ასე გასრულდა ამბავი იგი. სადაც გაგრძელდება კი იცით და მერე უკვე უსამართლო სასამართლოს ამბებს მოგიყვებით”, -— წერს ნატო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.
ახალი ამბების სააგენტო