“ოცნების” მთავრობის ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის მაისის პერიოდს მოიცავს და ირაკლი კობახიძის მიერ „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტისთვის 27 ივნისს იქნება წარდგენილი, ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავდა.

ანგარიშის მიხედვით, გაფორმდა შეთანხმება უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ ჩინეთისა და საქართველოს განათლების სამინისტროებს შორის.

ჩინური ენის სწავლება სკოლებში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის, სწავლების ხელშეწყობისთვის დაიწყო მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე“.

ამასთან, „2024-2025 სასწავლო წლისთვის, კონფუცის ინსტიტუტების ხელშეწყობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენა უკვე 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება“.

ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინური დაფინანსებით

ანგარიშში ასევე საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ჩინეთის მონაწილეობით განხორციელდა: „ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სპორტული მოედნები მოეწყო და გაიხსნა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში − მერეთსა და ქვემო არცევში“.

„შუა დერეფანი“ და უვიზო რეჟიმი

ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის 11-12 სექტემბერს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში „ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ“.

განსაკუთრებით ხაზგასმულია „საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაურონ, როგორც კონტინენტურ ჩინეთში, ასევე ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის მეგობრობისა და პარტნიორობის განვითარებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებას“.

სავაჭრო და ტურისტული სტატისტიკა

დოკუმენტში ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვხვდებით, „2024 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 472 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.

ტურისტული მაჩვენებლებიც ზრდას აჩვენებს: „გასულ წელს საქართველოს ეწვია 88.583 ჩინელი ტურისტი (ზრდა 83%-ით, 2023 წელთან შედარებით)“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *