ანგარიშში ასევე საუბარია:
DCFTA-ის გეგმა და საკანონმდებლო მექანიზმები
ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კობახიძის მთავრობის მონაცემებით, ამჟამად უკვე შესრულებულია საერთო ვალდებულებების 68% (164 სამართლებრივი აქტი 241-დან), რაც DCFTA-ის ფარგლებშიც და მის მიღმაც განხორციელებული რეფორმების შედეგია.
სექტორული რეფორმები და სტანდარტებთან ჰარმონიზაცია
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მიმართულებებს. საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულ იქნა ევროკავშირის 9 სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ რეგლამენტთან, ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შესაძლებელი გახდა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევა.
მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ორი მნიშვნელოვანი ტექნიკური რეგლამენტი (№480 და №481), რაც მოიცავს გაზომვისა და აწონის საშუალებების რეგულირებას ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.
2025 წლის მონაცემებით, საქართველოს უკვე მიღებული აქვს 37 000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი. CEN/CENELEC-ის ანგარიშის მიხედვით, სტანდარტების ჰარმონიზაციის მაჩვენებელი 87,24%-ია, რაც აღემატება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ მინიმუმს.
ბაზარზე ზედამხედველობის გამკაცრება და ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედება
ანგარიშში წერია, რომ მთავრობამ გაამკაცრა ზედამხედველობა ბაზარზე და შეიმუშავა საკანონმდებლო მექანიზმები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში არასათანადო ან საფრთხის შემცველი პროდუქტების გავრცელების თავიდან აცილებას. ძალაში შევიდა რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი — მათ შორის, ენერგოეტიკეტირებისა და რადიომოწყობილობის შესახებ, ასევე დაბალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც 2025 წლიდან უკვე სრულად მოქმედებს.
საანგარიშო პერიოდში შემოწმდა 25 პროდუქტი (24 ელექტრომოწყობილობა და 1 რადიომოწყობილობა), რის შედეგადაც გაიცა რეკომენდაციები სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობის ზრდა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება
“ოცნების” მთავრობის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს როლს საერთაშორისო ეკონომიკურ პლატფორმებზე. თბილისში გაიმართა ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის საბჭოს 52-ე სხდომა, რომელსაც 45 ქვეყნის 60-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
გარდა ამისა, კობახიძის მთავრობის პირობებში გაფორმდა ან მომზადდა რამდენიმე სტრატეგიული სავაჭრო შეთანხმება. 2024 წლის 27 ივნისს ძალაში შევიდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ხოლო 27 ნოემბერს დასრულდა მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ხელმოწერაც 2025 წელს იგეგმება.
ევროკავშირის რეკომენდაციებზე მორგებული სტრატეგიული გეგმები
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების შესაბამისად, 2024 წელს დაიწყო მუშაობა ე.წ. TBT სტრატეგიაზე — ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას შესაბამისობის შეფასების, აკრედიტაციის, სტანდარტიზაციისა და ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებით.
კანონის მიხედვით, მთავრობის მეთაური ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა.