რა სჭირდება “ოცნებას” სახელმწიფო საწარმოების რეფორმის რეალურად დასაწყებად? – ნიკა ალავიძის მოსა

რა სჭირდება “ოცნებას” სახელმწიფო საწარმოების რეფორმის რეალურად დასაწყებად? – ნიკა ალავიძის მოსა
“ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის დაწყების კიდევ ერთხელ დაანონსებას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა 10 წელზე მეტია, აქტუალურია, “ოცნებისგან” მის რეალურად განსახორციელებლად საჭირო პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს – ამის შესახებ ალავიძემ BMG-ს განუცხადა.

3 ივნისის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ” სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა” დააანონსა, რაც, მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების ერთადერთი მოთხოვნაა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან იკვეთება: “ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები”

ამ განცხადებიდან პირველი, რამაც საინფორმაციო ველი შეავსო და ავტომატურადაც ითარგმნა, იყო, რომ “როგორც იქნა, ძლივს შინაარსიან რამეს გვთხოვენ IMF და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიო… ჭკუას მოეგნენ და რაღაც გონივრულს გვთხოვენო”… შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა დღის წესრიგში ძალიან აქტიურად დგას 2014 წლიდან. 90-იანი წლებიდან არის ეს საკითხი მოცემული, მაგრამ სუპერაქტუალური გახდა 2014 წელს, შემდეგ უფრო და უფრო მძიმდებოდა სიტუაცია, არ იდგმებოდა საჭირო ნაბიჯები. განსაკუთრებით რადიკალურ ფაზაში შევიდა 2020-ში; 2021-22 წლებში სახელმწიფომ ამ რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც ძალიან დიდი პროცესი იყო, რომელშიც ჩართული იყო მსოფლიო ბანკი, საერთშორისო სავალუტო ფონდი, OECD და, ძალიან კრიტიკული რეკომენდაციები რომ წამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფომ ხელშეკრულების დონეზე აიღო ამის მოგვარების ვალდებულება.

ეს რეფორმა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი IMF-თან პროგრამის შეჩერების ნაწილში, წლების მანძილზე სადღეგრძელოების გარდა არაფერი მომხდარა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტორი ეკონომიკისთვის, 3000 სახელმწიფო საწარმო გვაქვს, საიდანც 30 თუ 40 არის მძიმე, მსუყე ლუკმა, რომლებზეც მოდის სახელმწიფო ვალის თითქმის 10%, ძალიან დიდი და სოლიდური თანხა. ამ საწარმოებზე მოდის ჩრდილოვანი დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ამოუცნობი ეფექტები და ბუტაფორიული ქარიშხლები. აქედან გამომდინარე, თუ ეს განცხადება მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის არაა გამიზნული, ჩვენ ამას ადვილად დავინახავთ, იმიტომ რომ რეფორმის აღსრულებას ძალიან ძლიერი პოლიტიკური და მორალური ნება სჭირდება – ამ ქვეყანაში ორივეს ნაკლებობა გვაქვს, რის გამოც პოზიტიურად არ ვარ განწყობილი”, – აღნიშნა ნიკა ალავიძემ BMG-სთან.

კითხვაზე, რა სჭირდება “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ რეალურად შეასრულოს რეფორმა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციები, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია აუდიტის დასკვნების და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გაცნობა.

“პირველ რიგში, აუდიტორული დასკვნების გაცნობით უნდა დაიწყონ, ეს ყველაზე მარტივი ნაწილია. ჩანს, რომ სახელმწიფო საწარმოები მხოლოდ ბიუჯეტის ღაფვაზე არიან გადასულები და ქაღალდზე ჰყავთ გაფორმებული უამრავი დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ და არავითარი კომპეტენცია არ აქვთ, მაგრამ ბიუჯეტიდან სოლიდურ ხელფასებს იღებენ. ამ ხალხის შემცირება ძალიან მარტივია, მხოლოდ მსუბუქი პოლიტიკური ნებაა საჭირო და, რა რიცხვებიც იყო ნახსენები, იმაზე სამჯერ მეტის ჩახსნა შეიძლება ერთი ხელის მოსმით.

რეალური ქმედებებისთვის, აუდიტის დასკვნებთან ერთად, რომლებიც შიდა აუდიტებსა და კონტროლის პალატას ჰქონდათ მომზადებული და საკმაოზე მეტი ინფორმაციაა მოცემული, უნდა გაეცნონ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებს, რადგან ისინი ჰაერზე არ გასცემენ მითითებებს, ახირებების გამო – სიღრმისეულად იცნობენ დეტალებს, რომლებიც არ იმალება, იქნება ეს აშკარა კორუფციის, დაბალი კვალიფიკაციის თუ კლეპტოკრატიის მხარე”, – განაცხადა ნიკა ალავიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო. მმართველობითი მოდელის ცვლილება საპილოტე რეჟიმში “სახელმწიფო ელექტროსისტემაში’ განხორციელდა. 2022 წელს მართვის კორპორაციული სტანდარტების დანერგვა კიდევ სამ სახელმწიფო საწარმოში დაანონსდა, ესენია: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და აეროპორტების გაერთიანება, რის შემდეგაც კომპანიები მოგებიანები უნდა გამხდარიყვნენ. მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა.

2023 წლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საკმაოდ რთული პროცესია და ვიდრე ეს კომპანიები საფონდო ბირჟაზე განთავსდებიან, მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარებაა საჭირო.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესს იმ დროისთვის დადებითად აფასებდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც.

2024 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობას სათავეში ირაკლი კობახიძე ჩაუდგა და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაშიც სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების გაგრძელება პრიორიტეტული მიმართულება იყო: „გაგრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობა“.

სახელმწიფო საწარმოები ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეჩერებული პროგრამის კონტექსტში უსვამდა ხაზს. როგორც BMG-ს საქართველოში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა უთხრა, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ფონდთან შეთანხმებული პრინციპები.

IMF-ის მისიამ, 2024 წლის მარტში სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა საქართველოს 3 მთავარ გამოწვევას შორის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *