დემოკრატიაზე თავდასხმა – სენატორი შაჰინი ტელევიზიების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება

დემოკრატიაზე თავდასხმა – სენატორი შაჰინი ტელევიზიების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება
აშშ-ის სენატის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების” მიერ ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივარს ეხმაურება. შაჰინის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ჯვაროსნული ლაშქრობა აქვს დაწყებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, ამან გამოიწვია შეშფოთება, რომ კანონი გამოყენებული იქნებოდა დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ. ახლა “ქართული ოცნება” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში – უწყებაში, რომლის დამოუკიდებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩივის. ნათელია, რომ ეს მედიები განსჯილნი არ იქნებიან ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში ამოიღეს პოლიტიკური მოტივით. “ქართულ ოცნებას” ჯვაროსნული ბრძოლა აქვს სიმართლის წინააღმდეგ, რაც დემოკრატიაზე თავდასხმაა. ამიტომ მოვუწოდებ სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის“, -წერს შაჰინი.

„ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის” წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა. პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და სხვა.

მიმდინარე წლის დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ” მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით თვითრეგულირებული სფერო რეგულირებაში გადაიტანა, რაც ნიშნავს, რომ კანონით გაკონტროლდება მედიის როგორც კონტენტი ისე ფინანსები.

მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება კომუნიკაციების კომისიას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *