კალაძის თქმით, ეს ფორუმი ეფექტური პლატფორმაა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გასაზიარებლად.
„ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს თავის მრავალწლიან ტრადიციას და 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში”. თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი წლებია იმართება და უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას დებატებისთვის, დისკუსიებისთვის და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, მონაწილეთა რიცხვი და თემატიკა იზრდებოდა, ღონისძიება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმად ჩამოყალიბდა და გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმად იქცა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, განხილული იქნება შემდეგი თემები:
- მდგრადი ეკონომიკური განვითარება
- ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები
- განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება
- თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში
- უძრავი ქონების ბაზარი
- ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება
- ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში
- სივრცითი მოწყობა
- სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.