ბრძანება დროებით კრძალავს ჰარვარდის თითქმის ყველა ახალი სტუდენტის შეერთებულ შტატებში შესვლას იმ ვიზებით, რომლებსაც საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა იყენებს უნივერსიტეტებში სწავლისთვის ან ქვეყანაში აკადემიური გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უახლესი ნაბიჯი „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის“ მცდელობაა და ჰარვარდი „საგარეო კავშირებსა და რადიკალიზმთან“ დაკავშირებით დაადანაშაულა.
ჰარვარდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი „გააგრძელებს თავისი საერთაშორისო სტუდენტების დაცვას“.
ჰარვარდის უნივერსიტეტში 6 800-მდე უცხოელი სტუდენტი ირიცხება, რაც სტუდენტთა ჯამური რაოდენობის 27%-ს შეადგენს.
ჰარვარდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა, 22 მაისს განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტი დაუყოვნებლივ აუქმებდა ჰარვარდის სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის სერტიფიკატს, რომელიც უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის საშუალებას აძლევს. გასული თვის ბოლოს კი აშშ-ის საოლქო სასამართლომ დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უნივერსიტეტისთვის უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის უფლების გაუქმება.