ცვლილება გადავადდა – მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით ორი თვის შემდეგ 1-ელი აგვისტოდან აიღებენ. ცვლილება შეეხება როგორც მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ისე ბინადრობისა და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსაც.
საქმე ის არის, რომ ექსმინისტრის ანრი ოხანაშვილის მიერ მარტში გამოცემული ბრძანებით, ახალი ფორმის დოკუმენტები 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა ბრძანებაში ცვლილება “ოცნების” მთავრობის ახალმა მინისტრმა პაატა სალიამ შეიტანა და ვადამ 2 თვით გადაიწია.
ბრძანებაში მხოლოდ ვადა არ არის შეცვლილი, შეიცვალა დოკუმენტების ზოგიერთი ტექნიკური დეტალიც. კერძოდ:
- ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
- მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
- ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:
- კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
- ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
- ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.