საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის გენერალურ აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. “მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ახალ პოსტზე წარდგენის შემდეგ, გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს “პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით”. “მინდა მადლობა გადავუხარო სახელისუფლო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები მუშაობენ. ვამაყობ, პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით,” — განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დატოვა, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს. გიორგი გაბიტაშვილი 2 ევროპული ქვეყნის მიერაა სანქცირებული. ესტონეთმა სანქცია ოცნების სხვა 13 თანამდებობის პირთან ერთად გაბიტაშვილს 2024 წლის 16 დეკემბერს დაუწესა., გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2025 წლის 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს, მათ შორის გიორგი გაბიტაშვილს სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა.
გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გადადგა — ის გენერალური აუდიტორი გახდება
