ანგარიშში წერია, რომ „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტელეკომპანია პირველმა“, „ტელეიმედთან“, „პოსტვ“-სთან და „რუსთავი 2“-თან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტი მიიღეს.
ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში „ტელეიმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტვ“-ის ყველაზე მეტი – 4 936 285 ლარი „ქართულმა ოცნებამ” გადაუხადა.
ხოლო „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ – 8 146 345 ლარი პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ძლიერი საქართველო“ (ლელო), „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (ახალი) და „გახარია საქართველოსთვის“ გადაუხადეს.
კომისიის ცნობითვე, წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი – 3 846 163 ლარი, „მთავარმა არხმა“ მიიღო. მეორე ადგილზე „ტელეკომპანია პირველია“, რომლის შემოსავალმაც 3 275 512 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 781 923 ლარი შეადგინა. არხზე ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაშიც მმართველმა პარტიამ 2 048 258 ლარი დახარჯა. 733 665 ლარი კი, რუსთავი 2-ს „ძლიერმა საქართველომ“ გადაუხადა.
ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა „ტელეიმედისთვის“, 2 547 748 ლარი შეადგინა. „იმედზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ყველაზე დიდი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაშიც მაუწყებელმა 1 895 833 ლარი მიიღო, ხოლო „ძლიერმა საქართველომ“ არხს 651 915 ლარი გადაუხადა.
„ფორმულას“ შემთხვევაში, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 1 035 232 ლარს გაუტოლდა. არხს ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი – 518 834 ლარი, „ძლიერმა საქართველომ“ გადაუხადა. „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადახდილმა თანხამ კი, 270 988 ლარი შეადგინა. 234 850 ლარი დაუჯდა პარტიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ფასიანი პოლიტიკური სარეკლამო დრო, ხოლო პარტიამ „ჩვენ“ ტელევიზიას 10,560 ლარი გადაუხადა.
„პოსტვ“-ისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 992 193 ლარი შეადგინა, რაც არხს მხოლოდ ერთმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხადა.