“კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს”, – ამის შესახებ სურ­სა­თის უვნებ­ლო­ბის სპე­ცი­ალის­ტმა, ირაკლი არა­ბულმა სურსათის უვნებლობის მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარებასა და მთავარ გამოწვევებზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

მისი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელმა პროდუქტი აუცილებლად ორგანიზებულ ადგილებში შეიძინოს. იქ, სადაც სახელმწიფო მონიტორინგი ხორციელდება. დარგის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხს აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სურსათის მონიტორინგის პერიოდულობა გაზრდილია.

“თუ გადავხედავთ მონაცემებს, გასულ წლებთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა მომატებულია, ობიექტების შემოწმება უფრო მეტი პერიოდულობით ხდება, ანუ გასული წლის განმავლობაში უფრო მეტი ობიექტი შემოწმდა, ვიდრე წინა წლების განმავლობაში მოწმდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან რაც უფრო მეტი ობიექტი შემოწმდება, აღნიშნულ სფეროში უფრო მეტი კონტროლი იქნება. მომხმარებლებს სურთ ხოლმე, რომ ყველა ობიექტი შემოწმდეს, რაც ფიზიკურად გამორიცხულია იმიტომ, რომ არცერთ ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს, არც საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს, იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი ძალიან ხშირად შეამოწმოს”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, კომპანიის შემოწმება რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება და ყველაზე ხშირად ის ობიექტები მოწმდება, სადაც ყველაზე მაღალი რისკია.

“2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირების შედეგები გამოქვეყნდა. ინსპექტირებით დაახლოებით 2 800-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა, საიდანაც, თუ სწორად მახსოვს, 111 ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა. კრიტიკული შეუსაბამობა ისეთი დარღვევაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაჯარიმებული 111 ობიექტში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორები იყვნენ, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში სურსათის სფეროში ოპერირებს.

ყველაზე მეტი ხორცის რეალიზაციის ადგილები იყო. ეს არის მაღაზია, თუ აგრარული ბაზარი, სადაც ბიზნესოპერატორი რეგისტრირებულია და მისი შემოწმება ხდება. ამას შემდეგ რაოდენობის მხრივ კრიტიკული შეუსაბამოს გამო მოჰყვებოდა სწრაფი კვების ობიექტები , შემდეგ რესტორნები და ა.შ. ანუ, თუ ამ მონაცემებს ნახავთ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც იმ ადგილებშია, სადაც ხორცის რეალიზაცია ხდება. ძირითადი პრობლემა მაინც ისეთი ხორცის რეალიზაციაა, რომელიც ვეტერინარის მიერ შემოწმებული არაა, ანუ სასაკლაოს გვერდის ავლითაა დაკლული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. შესაბამისად, ყველაზე მეტი კონტროლი ამ მიმართულებით მიდის და ასეთი ბიზნესოპერატორები მოწმდებიან,რადგან ისეთი ხორცი, რომელმაც სასაკლაოზე შემოწმება არ გაიარა, ყველაზე დიდი რისკის მატარებელია”, – განაცხადა დარგის ექსპერტმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სურსათის უვნებლობის მხრივ, ირაკლი არა­ბული უკონტროლო გარე ვაჭრობას ასახელებს, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ხერხდება. მათ შორის მალფუჭებადი პროდუქტები, რომელიც ღია ცის ქვეშ, არასათანადო პირობებში იყიდება.

“გარევაჭრობა სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. ტრიქინელოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა. მით უმეტეს, ახლა ცხელი პერიოდი წამოვიდა, ზაფხულია და რისკი უფრო მეტადაა, ვიდრე ზამთრის პირობებში.

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა მაღალია, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 30-იდან 40 გრადუსამდე, შეიძლება, იყოს, რაც თავის მხრივ პროდუქტის გაფუჭებას უფრო აჩქარებს, თუ ის შეუსაბამო პირობებში იყიდება. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების ღია სივრცეებიდან შეძენას, რომელსაც როგორც რეალიზაციის, ისე შენახვის დროს მაცივარი სჭირდება”,- განაცხადა ირაკლი არაბულმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *