ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ცნობილმა ექსპერტმა, ზვიად სხვიტარიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting დააარსა.
როგორც მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, კომპანია, რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა, უცხოურ ბიზნესებს აშშ-ის ბაზარზე შესვლის ან მათი საქმიანობის დივერსიფიკაციისთვის სრულ საკონსულტაციო მხარდაჭერას გაუწევს.
ზვიად სხვიტარიძის თქმით, ZTN Consulting კომპანიებს ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება, მათ შორის აშშ-ში საქმიანობის დაწყების ან გაფართოების გეგმის დასახვაში. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს სრულ due diligence-ს, რაც პოტენციური რისკებისა და შესაძლებლობების სრულფასოვან ანალიზს მოიცავს.
– რას სთავაზობთ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აშშ-ს ბაზარზე შესვლით?
– ჩვენი საკონსულტაციო კომპანია უცხოურ ბიზნესებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აშშ-ს ბაზარზე შესვლაში, ბიზნესის გადმოტანაში ან საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარება. ძირითადად, ვმუშაობთ ბიზნესებისთვის სტრატეგიების შემუშავებაში. ასევე, კომპანიებს ვეხმარებით, ბიზნესის რეგისტრაციაში, საგადასახადო ანგარიშგება, შტატის და ქალაქის შერჩევაში, ოფისის გახსნაში, ლიცენზიების და ნებართვის მოპოვება/აღებაში. გარდა ამისა, ბიზნესებს ვეხმარებით შესაბამისი ბიზნეს პარტნიორის შერჩევაში. FDA-ისგან კონკრეტული პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე განთავსებაზე ნებართვის მიღების პროცესის სრული მართვაში. კონსულტაციას ვთავაზობთ, საკანონმდებლო ლობირების პროცესსა და მისი მენეჯმენტის კონკრეტული პროექტების ჩათვლით. ასევე, ინვესტორის ვიზის მიღების პროცესის წარმართვასა და მენეჯმენტში.
– პროექტში რამდენი ადამიანია ჩართული და რომელი ქვეყნები შედის კომპანიის დაფარვის ზონაში?
– ჩემი კოლეგები, ვისთანაც ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქვეყნებს ფარავენ. ჯამში 10 პარტნიორი ვერთიანდებით და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო გუნდია. დავფარავთ კანადას, საფრანგეთს, ბენილუქსს, მოლდოვას, უკრაინას, კავკასიას, ცენტრალური აზიას და ა.შ. ხოლო, ოფისი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გვექნება, სადაც გავმართავთ შეხვედრებს.
– თუ გაქვთ უკვე მიმდინარე პროექტები და რომელი ქვეყნებიდანაა ყველაზე დიდი დაინტერესება?
– ძირითადი ინტერესი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. განსაკუთრებით, ეს ინტერესი ტრამპის პირობებში გაძლიერდა. იმიტომ, რომ ტრანზაქციული პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ძლიერი აქვს და მიზიდულობაც ასევე დიდია.
მართალია რამდენიმე დღეა რაც გავიხსენით, მაგრამ ზარები არ წყდება და უკვე 2 სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. ერთი პროექტი აღმოსავლეთ ევროპიდანაა, ხოლო მეორე ყაზახეთიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოდანაც მაქვს ზარები და ბევრი ფიქრობს თავისი ბიზნესის აშშ-ს გადმოტანას ან სულ მცირე დივერსიფიცირებას მაინც.