დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს – მორიგი დაპირისპირების დეტალები

დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს – მორიგი დაპირისპირების დეტალები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით.

ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფებზე უკეთესად იცოდა. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა და მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. გვინდა, გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავიანიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა სხვანაირი გახდა. მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.

საპასუხოდ, ილონ მასკმა დაწერა, რომ კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისხმობს.

„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს, ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა.

ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. რაც შეეხება კანონპროექტს, იგი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას. ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *