[მედიაში] კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
“ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება და არა ცენზურას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად, უკვე მრავალი წელია ჩვენს კანონმდებლობაში არის სტანდარტები დადგენილი, უბრალოდ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა.

ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. პირიქით, იმისთვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა”,- აღნიშნა კობახიძემ.

“ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და “მთავარს”. ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გამოყენებული ტერმინები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარია წარდგენილი, არის: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „რეჟიმის პატიმრები“, „ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“ და სხვა.

კობახიძის თქმით, კანონი ყველა მედიასაშუალებას თანაბრად ეხება და ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ მიმართონ კომუნიკაციების კომისიას.

“მნიშვნელობა არ აქვს რომელი ტელევიზია, რა ტერმინებს იყენებს, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება. მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული”,- ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, როგორ უნდა დაიცვას მედიამ ბალანსი, როდესაც “ოცნება” კონკრეტულ ეთერებში არ მიდის, კობახიძე ასე პასუხობს: “ჩვენი საქმეა, სად მივალთ, სად არ მივალთ. სტუმრობაზე როდესაც არის საუბარი, თუ მედიის მხრიდან მოწვევა იქნება.. ტელევიზია თავისი მხრიდან არ დაარღვევს ბალანსს… მარტივადაა საქმე”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *