საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის შეფასებით, IT სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის 3-წლიანი ნებართვების გაცემის შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვი 2 წელიწადში შეიძლება გაორმაგდეს.
როგორც ავთანდილ კასრაძე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში IT სექტორის წარმომადგენლებზე ბინადრობის ნებართვების მხრივ ინიციირებულ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ კანონპროექტში უცხოელი IT სპეციალისტების მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, რათა ქვეყანაში ამ პირებმა უფრო მეტი თანხა დახარჯონ.
„IT სპეციალისტებისთვის საქართველო სამუშაოდ ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები აქვს დაწესებული და ქვეყანაში დღეს 150 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია არსებობს. ამან ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ძალის შემოსვლა გამოიწვია. ტრადიციული სახის შრომის ნებართვაზე რა დოკუმენტებიც არის საჭირო, IT სპეციალისტებს ზოგადად ასეთი დოკუმენტები არ აქვთ და სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ ეს პროცესი უფრო გამარტივდეს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში სპეციალური სანებართვო სისტემა აქვთ. ამ მიმართულებით ნაბიჯები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ძლიერი IT სპეციალისტის მოსაზიდად იდგმება. აქ აღსანიშნია, მინიმალური ხელფასის მოთხოვნა იმისთვის, რომ საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები შემოვიდნენ და მათთვის მაქსიმალურად ხელშესაწყობი გარემო შევქმნათ. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო სტატისტიკებით მათი ხელფასი დაახლოებით 40-45% ქვეყანაში იხარჯება და ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. მხოლოდ გასულ წელს IT სექტორში ხელფასის სახით 1 მლრდ ლარი გაიცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ქვეყანაში დარჩეს და აქ იტრიალოს”, – აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
მისივე ინფორმაციით, კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე IT სპეციალისტს, რომელიც საქართველოს ბინადრობის ნებართვას მიიღებს ვალდებულებად ეწერება ქვეყანაში მინიმუმ 183 დღე დაჰყოს, ხოლო 6 თვე მას დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა, რის უფლებაც აქამდე არ ჰქონდა.
„ჩვენ მივიღეთ ბიზნესიდან თხოვნა, რომ გადაიხედოს IT კომპანიებში დისტანციური მუშაობის მიდგომა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში IT სექტორის წარმომადგენლებზე ბინადრობის ნებართვების მხრივ შესული ცვლილებები მაგასაც არეგულირებს – მინიმალური მოთხოვნა იქნება რომ ქვეყანაში 183 დღე მაინც იყვნენ და 6 თვე მათ სხვა ქვეყნიდან მუშაობა შეეძლებათ, აქამდე ეს არ შეეძლოთ.
ჩვენ გვინდა საქართველოში მაქსიმალურად ბევრი ფული დახარჯონ, რომ ხალხთან მივიდეს ეს თანხები, იგივე ტურიზმში, უძრავი ქონების გაქირავების კუთხით და ა.შ. ბევრი მიმართულებით უცხოური სამუშაო ძალა უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მიმღებია როდესაც ის საქართველოში ცხოვრობს, ვიდრე სხვაგან რომ ცხოვრობდეს. მთავრობა მარტო გადასახადის აღებაზე რომ იყოს ორიენტირებული მნიშვნელობა არ აქვს, ბიუჯეტის შევსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად აქ ცხოვრობდნენ, რათა ქვეყნის ეკონომიკაში უფრო მეტი ეფექტი იყოს“, – განმარტავს GITA-ს ხელმძღვანელი.
BM.GE-ის კითხვაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს IT სექტორის შემოსავლები შემცირდა, ხომ არ საჭიროებს სექტორი მეტ წამახალისებელ მექანიზმს, ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ მექანიზმებზე მუდმივად მუდმივად მუშაობს და ქვეყანაში ამ მიმართულებით კონკრეტული პროგრამები მუშაობს.
„ბინადრობის ნებართვები ერთ-ერთი წამახალისებელი მექანიზმია. გარდა ამისა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს აქვს DO IT in Georgia, გადამზადების მექანიზმების მთელი პროგრამა შეიქმნა იმისთვის, რომ შეიძლება მეტ ქართველს მივცეთ ცოდნა IT სპეციალისტების მიმართულებაში გახდნენ პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს როგორც სასერტიფიკატო, ასევე პროგრამები დამწყებთათვის, რომლებიც პროფესიას იცვლიან. ეს ყველაფერი იმაზე გადის, რომ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიები შემოვიყვანოთ. ამ მიმართულებით საგადასახადო შეღავათებიდან გამომდინარე არის ინტერესი და რაც უფრო მეტი სპეციალისტი გვეყოლება, მით უფრო საინტერესო იქნება ბევრი კომპანიისთვის შემოსვლა. დაინტერესება მოდის ძირითადად აშშ-დან, ევროპიდან ირლანდიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან… ძალიან ბევრი ქვეყნიდან არიან ჩვენთან კონტაქტზე. ამიტომ ძალიან ბევრი კადრის მომზადებაა საჭირო და ახლა თუ 150 საერთაშორისო კომპანიაა დღეს საქართველოში, შესაძლებელია 2 წელიწადში 300 კომპანიაც იყოს. IT მიმართულება მზარდია და IT კომპანიების წილი მშპ-ში 7%-ია, მაშინ როდესაც სამი წლის წინ 0% იყო. რაც ძალიან დიდი გარღვევაა. ამგვარად, ჩვენს შიდა პროდუქტში შეიძლება კიდევ უფრო დიდი წილი დაიკავონ, არამხოლოდ IT კომპანიებმა, არამედ ინოვაციურმა სტარტაპებმა“, – აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე.