მომხმარებელს უკვე აქვს განცდა, რომ მარტო არ არის – ირაკლი ლექვინაძე

მომხმარებელს უკვე აქვს განცდა, რომ მარტო არ არის – ირაკლი ლექვინაძე
მომხმარებელს უკვე აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტო არ არის, – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის დადასტურება გაზრდილი მიმართვიანობაა.

„დღეს მომხმარებელს უკვე აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტო არ არის – მათ შეუძლიათ მოგვმართონ და დაიცვან საკუთარი უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2024 წელს სააგენტომ დაამტკიცა 10 სამოქმედო სტანდარტი, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფასდაკლებების მართვას, მომხმარებლის ინფორმირებულობას, კვების ობიექტებში ფასების გამჭვირვალობას, სერვისის ქართულ ენაზე მიწოდებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნესთან, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა არაკეთილსინდისიერი ქმედებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. მომხმარებელთა უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მან ფორუმის სესიის ფარგლებში – „შრომის ბაზრის განვითარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა“, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *