მთავრობა სკოლების რეაბილიტაციისთვის სკანდინავიური საფინანსო ინსტიტუტის გრანტის და სესხის ხე

მთავრობა სკოლების რეაბილიტაციისთვის სკანდინავიური საფინანსო ინსტიტუტის გრანტის და სესხის ხე
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გრანტის და სესხის ჩარიცხვის ვადა დაახლოებით ორი წლით გადაიწევს. კერძოდ, მთავრობა ამბობს, რომ პროექტით განსაზღვრული 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის სკანდინავიური საფინანსო ინსტიტუტის მიერ 3.9 მლნ ევროს სესხის და 2.6 მლნ ევროს გრანტის ხელმისაწვდომობის ვადა 2025 წლის 4 მაისამდე იყო, თუმცა მთავრობის მიმართვის საფუძველზე, 2027 წლის ბოლომდე გადაიწევს. როგორც ჩანს, სამწლიანი პროექტის ვადებში, მთავრობა ვერ ჩაეტია და ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო.

“ჩატარებული კვლევების, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის, სავარაუდო ბიუჯეტების გათვალისწინებითა და განხორციელების ვადების დაზუსტების შედეგად, გამოიკვეთა დონორის მიერ გამოყოფილი სესხისა და გრანტის თანხების ხელმისაწვდომობის არსებული თარიღის გაგრძელების საჭიროება 2027 წლის 31 დეკემბრამდე”, – წერია ცვლილების განმარტებით ბარათში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ხელმოწერილია სამი ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სკოლას. დანარჩენი ექვსი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. ამიტომაც გახანგრძლივდა პროექტის ვადა, შესაბამისად, შეიტანეს ცვლილება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციასთან 2022 წლის 4 მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში.

“6 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორისაა: თიანეთის სიმონიანთხევის სკოლა, გორის მერეთის სკოლა, წალკის საყდრიონის და ნარდევანის სკოლები, ახალციხის ურაველას სკოლა და ასპინძის ოშორას სკოლა. დაგეგმილია და რეალურად მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია შემდეგ 6 სკოლაში: თიანეთში სიონის და ღულელების საჯარო სკოლები, წალკის განთიადის და ბარეთის საჯარო სკოლები, ასპინძის ნაქალაქევის საჯარო სკოლა და ამბროლაურის ბურგეულის საჯარო სკოლა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა პარლამენტში, 5 ივნისს გამართულ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის სესხისა და გრანტის გარდა, პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი ეტაპისთვის დაახლოებით 7 მლნ ევროს დამატება იგეგმება.

პროექტის განმახორციელებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *