$1 მილიარდის ბიტკოინები და სამი სისხლის სამართლის საქმე — რა ედება ბრალად გიორგი ბაჩიაშვილს
გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს – Guardian
ბაჩიაშვილი დგას წამების საფრთხის ქვეშ – Amsterdam & Partners
როდის გაიმართება გიორგი ბაჩიაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესები?
– რატომ აირჩია გიორგი ბაჩიაშვილმა მაინცდამაინც არაბთა გაერთიანებული საამიროები, როდესაც საქართველო დატოვა თუ დიდი არჩევანი არც ჰქონდა?
– არც მე და არც მას [გიორგი ბაჩიაშვილს] არ გაუჟღერებია, რომ აბუ-დაბი აირჩია… მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესის, მაგრამ ამ ეტაპზე დაცვის მხარე თავს იკავებს კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია გადავეცით პროკურატურას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. თუ საჯაროდ გახდება ცნობილი ის ინფორმაცია, რაც ჩვენ წარვადგინეთ, შესაძლოა, მეორე მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, წინასწარ მოამზადოს ალიბი ან კონტრარგუმენტები. შესაბამისად, იმისთვის, რომ შესაძლო გატაცებაში ეჭვმიტანილ პირებს არ მივცეთ დროსა და სივრცეში მანევრირების საშუალება, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ეს თემები საჯარო განხილვის საგანი გახდება.
– თუ პროკურატურას ყველა მასალა გადაეცით, ვისგან ან რისგან იცავთ თავს?
– მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ…
– მოკლედ, არც ადასტურებთ, მაგრამ დიდად არც უარყოფთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიდან ჩამოიყვანეს საქართველოში?
– მესმის თქვენი შეკითხვის ლოგიკაც და ინტერესიც, მაგრამ გთხოვთ, გაიგოთ ჩვენი პოზიციაც – ჩემი, როგორც ადვოკატის მთავარი მიზანია, სრულფასოვნად შევასრულო დაცვის ფუნქცია. ამისთვის პროკურატურას გამოძიების დასაწყებად საკმარისი მასალები გადაეცა. დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, შესაძლებელია როგორც თვითმფრინავის გადაადგილების, ისე კონკრეტული პირის ლოკაციის დადგენაც. მით უმეტეს, როცა გამოძიებისთვის ცნობილი გახდა კონკრეტული თარიღი, ავიაკომპანიის სახელი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ გადამოწმებას დიდი სირთულე არ სჭირდება. დაცვის მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, მოიპოვოს მტკიცებულებები – როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ორი ოფიციალური ვერსია გვაქვს – სუს-ის განცხადება და გიორგი ბაჩიაშვილის პოზიცია. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ პირი, რომელმაც დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ნებაყოფლობით დაბრუნდა და „მწვანე ზოლში“ დასეირნობდა. მეორეს მხრივ, დღემდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს. საჯაროდ გამოქვეყნებულია მხოლოდ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მისი სუს-ის შენობაში შესვლა, თუმცა არ არსებობს არცერთი კადრი, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს – დამეთანხმებით, ასეთ სენსიტიურ საქმეზე, როგორც წესი, დაკავების კადრებს აუცილებლად გადაიღებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით, ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს. ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ პროკურატურისგან, წერილობითი ფორმით, იმ დოკუმენტაციის სრული გადმოცემა, რომელიც მის დაკავებას უკავშირდება.
– დაცვის მხარის სტრატეგიაა ისიც, რომ არც იმ ქალაქს ასახელებთ, სადაც დაკავებამდე გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა და არც მისი აყვანა-გატაცების პროცესს ყვებით დეტალურად?
– ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია იმის დადგენა, როგორ მოხვდა ეს ადამიანი საქართველოში. თუკი დადასტურდება, რომ მის მიერ აღწერილი დეტალები რეალობას შეესაბამება, მაშინ ნაკლებად მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მოხდა მისი ჩამოყვანა. ამდენად, მთავარი კითხვაა – ის საქართველოში იძულებით ჩამოიყვანეს თუ არა…
– გასაგებია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ჩემი შეკითხვა თავად გადმოყვანის პროცესს ეხებოდა – ესეც არანაკლებ საინტერესოა დეტალები – როგორ დააკავეს სასტუმროში, მერე სად წაიყვანეს, როგორ მიიყვანეს აეროპორტში, როგორ მოხვდა ბორტზე, რადგან რაც უფრო მეტი დეტალია ცნობილი, მით მეტად დამაჯერებელია „გატაცების“ ვერსია…
– ბუნებრივია… დაკავების შემდეგ [27 მაისი] მინიმუმ 10-ჯერ შევხვდი გიორგი ბაჩიაშვილს და ყველა დეტალი ზეპირად ვიცი. მისი განცხადებით, მას თვალები აუხვიეს და ასე მოათავსეს თვითმფრინავის ბორტზე. იყო ერთი გაჩერება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და შემდეგ გადაიყვანეს მოდულის შენობაში.
– რთულად დასაჯერებელია, რომ საერთაშორისო აეროპორტში თვალახვეულმა გაიარა ყველა პროცედურა…
– აეროპორტში მგზავრობის პრაქტიკა ყველას გვქონია – არსებობს პასპორტის კონტროლი, უსაფრთხოების კონტროლი და სხვა პროცედურები… წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი, რომელსაც თვალები აქვს აკრული, „გეითებს“ გადის?! ბუნებრივია, ასე არ ხდება. გიორგი განმარტავს, რომ ეს ეტაპები მას არ გაუვლია – პირდაპირ ბორტიდან მოათავსეს მოდულის შენობაში.
– გამოდის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გატაცება“ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ანუ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ფარული გარიგების ობიექტი?
– მესმის თქვენი ინტერესი და ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი მიზანი არ არის ჟურნალისტის კითხვებისგან თავის არიდება. უბრალოდ, იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რასაც ჩემს პროფესია მოითხოვს – შეიძლება, ყველა განცხადებას მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი – მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ.
– კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ – თუ გიორგი ბაჩიაშვილი თვითმფრინავში თვალახვეული აიყვანეს, როდის მიხვდა, რომ „აირზენას“ ბორტზე იყო?
– შესაძლებელია, ნაწილობრივ მაინც ჰქონდა ხედვის არე… გარკვეული დროის განმავლობაში შეძლო გარემოს აღქმა, რაც მისი ჩვენების ნაწილიც გახდა.
– გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენების შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისმა“ ორი განცხადება გაავრცელა. რამდენად დამაჯერებელია მათი არგუმენტი, რომ “მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები“ და ასევე, დაიკითხება თუ არა ავიაკომპანიის წარმომადგენელი?
– ჩემი ვარაუდით, სულ მცირე გამოკითხვის ჩატარება საჭირო იქნება… რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებას, არ ვსაუბრობ მტკიცებითი ფორმით და არავის გვინდა, განზრახ დავსდოთ ბრალი, მაგრამ მაქვს ლეგიტიმური ეჭვების ქონის უფლება, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება საუბრობს, რომ ეს იყო ამ ავიაკომპანიის ბორტი და ბორტის ნომერსაც კი უთითებს.
– გასაგებია, რომ არ ადასტურებთ, საიდან ჩამოიყვანეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში, მაგრამ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ვერსიაზე მაინც გკითხავთ – გაიცვალა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ UNWTO-ს გენმდივნის არჩევნებში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაში?
– ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოვლენათა ეჭვი სხვაგვარად განვითარებულიყო…
– აქვს თუ არა გიორგი ბაჩიაშვილს ჩანაწერები ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გამოიყენებს?
– მე შეიძლება გესაუბროთ იმგვარ ჩანაწერზე, რაც საქმეში არსებობს და მტკიცებულებაა…
– ინტერპოლმა გიორგი ბაჩიაშვილი ძებნილთა ბაზაში როდის ჩასვა და როდის ამოიღო?
– ინტერპოლის ბაზაში გიორგი ჩასმა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფომ, ხოლო ამ ბაზიდან ინფორმაციის წაშლა მოვითხოვეთ ჩვენ – დაცვის მხარემ, რაც გაიზიარა ინტერპოლმა. ამდენად, შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ის ინტერპოლის ძებნილთა ბაზაში არ ირიცხებოდა.
– გიორგი ბაჩიაშვილს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვნილი ჰქონდა?
– მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია და არც გიორგი ბაჩიაშვილს უთქვამს. მას ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ბინადრობის უფლება გააჩნდა დაკავებამდე, მაგრამ მას შემდეგ რაც საზღვრის კვეთა აეკრძალა და პასპორტები ჩამოერთვა, იქ გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.
– როგორია გიორგი ბაჩიაშვილის საპატიმრო პირობები? „ბაჩიაშვილი დგას წამების საფრთხის ქვეშ“ – ეწერა მისი ადვოკატთა გუნდის Amsterdam & Partners-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დაკავებამდე გავრცელდა….
– მას ამ პერიოდისთვის არავის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
– წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?
– ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დაცული. ეს არის ყველაზე მთავარი.