საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ელექტრომობილების დამუხტვის გამო, ქსელში მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალ ელექტრომობილებს შეუძლიათ მიიღონ დიდი სიმძლავრის ენერგია, რაც პრობლემებს წარმოქმნის.

“ელექტრომობილები არის სერიოზული გამოწვევა. თავდაპირველად, ქართულ ბაზარზე დაბალი სიმძლავრის ელექტრომობილები შემოდიოდა. მაგალითად, Nissan Leaf, Chevrolet Volt, Tesla-ს მოდელები, რომელთაც ნაკლები სიმძლავრის აკუმულატორები ჰქონდა. ახლა კი, ახალ ელექტრომობილებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ქსელიდან მიიღონ 100 კვტ საათის სიმძლავრე დამუხტვისას. მაგალითად, 10 ელექტრომობილი რომ შევაერთოთ, 1 მგვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის მოხმარება გაჩნდება უცებ ისე, რომ ვერც გავიგებთ.

ეს გამოიწვევს აუცილებლად ქსელის არასტაბილურობას, თუ არ იქნა წამახალისებელი რეგულაციები შემოღებული. მაგალითად, ღამე უფრო იაფი უნდა ღირდეს ელექტრომობილის დამუხტვა, ვიდრე დღისით. ასევე, უნდა იყოს ლოკაციები, სადაც გეოგრაფიული არეალის მიხედვით უფრო მიზანშეწონილია, რომ ასეთი ტიპის დასამუხტი სადგურები განთავსდეს. 1 მგვტ სიმძლავრე შეიძლება რომელიმე სოფელს არ ჰქონდეს, ამ დროს 10 ელექტრომობილი იმუხტება და ეს 10 ელექტრომობილი ქმნის 1 სოფლის დატვირთვას”, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 39 მლნ აშშ დოლარის 2214 ცალი ელექტრომობილი შემოვიტანეთ. ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:

2025 წლის იანვარ-აპრილი – 39 მლნ აშშ დოლარი, 2 242 ერთეული

2024 წლის იანვარ-აპრილი – 23,2 მლნ აშშ დოლარი, 1 153 ერთეული

2023 წლის იანვარ-აპრილი – 16,9 მლნ აშშ დოლარი, 574 ერთეული

2022 წლის იანვარ-აპრილი – 4,8 მლნ აშშ დოლარი, 177 ერთეული

2021 წლის იანვარ-აპრილი – 1,7 მლნ აშშ დოლარი, 104 ერთეული

ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად აშშ-დან და ჩინეთიდან შემოდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *