აუდიტის სამსახურმა ზოგადი განათლების სფეროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, STEM-ში გოგოებს ბიჭებზე უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ, თუმცა, ამ მიმართულებაზე უმაღლესში გოგოები ნაკლებად აბარებენ. აუდიტის განმარტებით, გოგოებს გააჩნიათ დაბალი ინტერესი/მოტივაცია, რაც აიხსნება ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებული სტერეოტიპებითა და კულტურული ფაქტორებით, რომლებიც ხელს უშლის მათ პროფესიულ წინსვლას STEM-ის მიმართულებით.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2018-2023 წლებს.

“როგორც დიაგრამა 1-შია მოცემული, გოგოების უკეთესი აკადემიური შედეგები STEM მიმართულებებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), არ განაპირობებს მათი ჩართულობის ზრდას ამ სფეროებში. გოგოებს გააჩნიათ დაბალი ინტერესი/მოტივაცია, რაც აიხსნება ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებული სტერეოტიპებითა და კულტურული ფაქტორებით, რომლებიც ხელს უშლის მათ პროფესიულ წინსვლას STEM-ის მიმართულებით”, – წერს აუდიტი.

ამასთან, აუდიტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, იმ გოგოებიდან, ვისაც დიდი ინტერესი აქვს STEM საგნების მიმართ, 71%-ს სურს სწავლის გაგრძელება სკოლის დასრულების შემდგომ აღნიშნული მიმართულებით. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ დიდი ინტერესის შემთხვევაში 35%-დან 71%-მდე იზრდება გოგოების სწავლის გაგრძელების სურვილი STEM მიმართულებებზე. შესაბამისად, საჭიროა სკოლის დონეზე დამატებითი მექანიზმების არსებობა, რათა ხელი შეეწყოს გოგოების ინტერესების ზრდას აღნიშნული მიმართულებით.

აუდიტის ჯგუფმა გამოიკვლია, თუ რა მხარდაჭერა ან რესურსი დაეხმარებოდათ მოსწავლეებს, რომ სკოლაში უფრო მეტი ინტერესი ჰქონოდათ STEM-ის მიმართულებით.

ამასთანავე, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა გამოკითხვით დადასტურდა, რომ მასწავლებელთა გადამზადება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვლავ რჩება აუცილებელ ამოცანად, რადგან მათი მხრიდან ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებული სტერეოტიპები გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესზე, ისე მოსწავლეთა მოტივაციაზე.

“აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვა, რომ დაედგინა: მასწავლებელთა მხრიდან რამდენად ხორციელდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში. გამოკითხვის შედეგებით ჩანს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მასწავლებელთა მხრიდან არათანასწორი მოპყრობისა და მიდგომების შემთხვევები მოსწავლეების მიმართ. ამასთანავე, ჯერ კიდევ ხშირია მასწავლებელთა მხრიდან ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებული სტერეოტიპები”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით, სამინისტრო პასუხისმგებელი იყო ეროვნული სასწავლო გეგმისა და სამოქალაქო განათლების პროგრამაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კომპონენტის ინტეგრირებაზე. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების გათვალისწინების პროცესის ნაკლოვანებები, რის გამოც ეროვნულ სასწავლო გეგმაში სათანადოდ ვერ აისახა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *