“ფასი გადაწყვეტილების მისაღებად ერთადერთი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს” – ახვლედიანი სახელმწიფო ტენდერებზე
“საქართველოს ბიზნესასოციაციის უახლესი წევრის, ჰოლდინგური კომპანია “იმპოსტის”, დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევისას სატენდერო ფასი გადამწყვეტი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ ლევან ახვლედიანმა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ BAG-ის წევრობას სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის სწორედ ამ ხედვის გაზიარებისთვის გამოიყენებს.
“ხშირად ვხედავთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ჩავარდნილ ტენდერებს, რაშიც ბევრი დრო და რესურსი იხარჯება და, როცა უყურებ სატენდერო დოკუმენტს, ხვდები, რომ ეს პროექტი თავიდანვე განწირულია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, შემოთავაზებულ ბიუჯეტში იმ კომპანიების ჩართულობა, რომლებსაც ამ სამუშაოების ხარისხიანად ჩატარება შეუძლიათ, შეუძლებელია… მაგალითად, [ერთ-ერთი სკოლის] რეაბილიტაციის დროს, განათლების ერთ-ერთ მინისტრთან ერთად ლონდონში, მწარმოებელთამ ვიყავით ჩასულები და ამ მინისტრმა თქვა, რომ სამწუხაროდ ვერ ცვლიდა სიტუაციას და როცა სკოლის რეაბილიტაცია ხდებოდა, ყიდულობდნენ ყველაზე იაფფასიან კარს. ყველაზე იაფფასიანი კარი, როცა საქმე ბავშვებს და ამდენ მომხმარებელს ეხება, ძალიან სწრაფად ცვდება და ის ეკონომია, რომელსაც თითქოს თავიდან ემსახურები, გრძელვადიან პერსპექტივაში სულაც არაა ეკონომია.
სახელმწიფოსთან არაერთხელ გვქონია სუბარი და, ბუნებრივია, BAG-ის ფორმატიც დაგვეხმარება მათთვის გაზიარებაში, რომ ფასი არ არის გადაწყვეტილების მისაღებად ერთადერთი ინსტრუმენტი. ჩვენი მზიანია დავანახოთ როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს, თუ რა პერსპექტივები არსებობს, როგორ შეიძლება ამის უკეთ განხორციელება და ბუნებრივია, რადგან ასოციაცია აერთიანებს დარგის ლიდერებს, ჩვენი მიზანია, მათთან ერთად შევქმნათ სტრატეგია, რომელიც ყველასთვის უკეთესი იქნება”, – აღნიშნა “იმპოსტის” დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ჰოლდინგურ კომპანია “იმპოსტს” სამოქალაქო მშენებლობის დარგში 17-წლიანი გამოცდილება აქვს და, დამფუძნებლის განმარტებით, კომპანია ახორციელებს ყველა სამუშაოს, რომელსაც მთავრობის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებული, „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ რეგლამენტი მოიცავს.
“იმპოსტის პროფილი არის სამოქალაქო მშენებლობა, რაც მოიცავს, როგორც მშენებლობის, ასევე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. ნებისმიერი დამკვეთისთვის, რომელიც თავის ბიზნესს ავითარებს და სჭირდება რამე ტიპის მშენებლობა, ის კომპანია ვართ, რომელიც ნებისმიერ საჭიროებას დაუფარავს – იქნება ეს უშუალოდ მშენებლობის პროცესი, რემონტი, რეკონსტრუქცია, რისი ძალიან მდიდარი გამოცდილებაც გვაქვს და ძველი თბილისის რეაბილიტაციაში დიდი როლი შევასრულეთ თავის დროზე, საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობა-ვენტილაციის სისტემები, გაყვანილობები, ელექტრობა, ხანძარქრობა თუ სხვა; ყველაფერი, რაც 41-ე დადგენილებამ სასიკეთოდ მოუტანა ქვეყანას”, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
“იმპოსტის” პორტფელს მიეკუთვნება “ავერსის კლინიკის” მიმდინარე მშენებლობა ქალაქ გორში, “რუმსის” სასტუმრო აბასთუმანში, IBIS INTERNATIONAL HOTEL და სხვა.