სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, საქართველოს რკინიგზის სისტემური პრობლემები პრემიერის მიერ დაანონსებული შტატების ოპტიმიზაციით ვერ გადაწყდება.
3 ივნისს ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, მისასალმებელია შტატების ოპტიმიზაციის დაწყება, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ოპტიმიზაციის პარალელურად.
“მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის პროცესის დაწყება დააანონსა.
პრემიერის განმარტებით – “არსებობს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მლნ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე, 36 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში”.
ბუნებრივია, მისასალმებელია ქვეყნის ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში, როგორიც საქართველოს რკინიგზაა შტატების ოპტიმიზაციის პროცესის დაწყება.
რამდენად ადეკვატურია დარგში დაგროვილი პრობლემების შტატების ოპტიმიზაციით პროცესით გადაწყვეტა? ანდაც ხომ არ დადგა დრო ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგის კორპორაციულ მართვის რელსებზე გადასაყვანად? რამდენად გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად მის მეთვალყურე ორგანოს – სამეთვალყურეო საბჭოს დარგის განვითარების მოკლე ან გრძელვადიანი ხედვა? რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს მიმდინარე ეტაპზე სამეთვალყურეო საბჭო?
ეს საკითხთა მცირედი ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში „შტატების ოპტიმიზაციასთან“ ერთად სინქრონულად უნდა განხორციელდეს.
სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა იმყოფება რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, ბოლო ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის 2.6 მილიარდი ლარის აქტივიდან, კომპანიის ვალდებულებები 61% ია ანუ 1.6 მილიარდი ლარია ვალდებულებებს შორის ყველაზე მსხვილი 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონიანი ევროობლიგაციებია.
პერმანენტულად მცირდება კომპანიის ეფექტიანობის EBITDA-ის პროცენტული მარჟა. 2011 – 2024 წლების გრძელვადიანი ტრენდის გაანალიზებით, 2011 – 2017 წლებში საქართველოს რკინიგზის EBITDA მაღალ 50%-იანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა, რაც უდავოდ კომპანიის საქმიანობას დადებითად წარმოაჩენდა.
2018 – 2022 წლებში, ეფექტიანობის მაჩვენებელი კლებულობს და 40%-იან ზღვარს უახლოვდება. მომდევნო 2023 – 2024 წლებში EBITDA ის % მაჩვენებელი 30 %-იან ზღვრამდე შემცირდა, რაც იმისა მანიშნებელია, რომ საქართველოს რკინიგზას პერმანენტულად უმცირდება ეფექტიანობა.
ეფექტიანობის შემცირება უარყოფითად აისახება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგზე, სადაც სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა “BB –“დონეზე პოზიციონირებს, რაც ნებისმიერ ინვესტორს კომპანიაში მაღალი საფინანსო რისკის გამო, ინვესტიციის განთავსებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოში რკინიგზების არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ამ თუ იმ ქვეყნის რკინიგზა მაშინ შეუდგა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, როდესაც დარგის ფუნქციონირებაში სტაგნაციის სიმპტომები სამი მიმართულებით შეინიშნებოდა: ა) მომსახურების დაბალი ხარისხი; ბ) ტექნიკური აღჭურვილობის ჩამორჩენილობა; გ) აქტივების მაღალი ცვეთა.
სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა აქტიურად განიცდის სამივე სიმპტომის ზეგავლენას.
ბუნებრივია, დარგში გაზრდილი ვალდებულების, აქტივების მაღალი ცვეთის და მოგებიანობის მარჟის შემცირება, მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციით ვერ მოგვარდება.
საქართველოს რკინიგზაში, შტატების ოპტიმიზაციის პროცესის პარალელურად, პირველ რიგში დარგის რეფორმირების სტრატეგია უნდა იქნეს შემუშავებული.
ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის რკინიგზის – რეფორმირების სტრატეგია მუდმივად კორექტირებადი და დროში ეტაპებად უნდა იყოს გაწერილი. ამასთან, რეფორმირების პროცესის განხორციელებაზე კონტროლი სახელმწიფოს მიერ ნომინირებული სამეთვალყურეო საბჭოს უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
რეფორმირების ეტაპზე სახელმწიფომ ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს – სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე დასმული ამოცანები.
მნიშვნელოვანია, რეფორმირების ეტაპზე განსაზღვროს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ნომინირების და მისი ფუნქციონირების კრიტერიუმები.
სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელობაზე, ამ ორგანოში დამოუკიდებელი წევრების შერჩევის კრიტერიუმებზე, აგრეთვე კომპანიის მართვაში, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაზე ბევრადაა დამოკიდებული რკინიგზის ფინანსური აქტივების რაციონალური გამოყენება.
პირველ რიგში, ოპტიმალურად უნდა იქნეს მიჩნეული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც 7 წევრისაგან დაკომპლექტება, სადაც 4 დამოუკიდებელი წევრი, ხოლო 3 სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება.
„სამეთვალყურეო საბჭოს” დაკომპლექტებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა დამოუკიდებელი წევრების კომპეტენციას ენიჭება.
დამოუკიდებელი წევრები, ღია კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს, ხოლო კონკურსის ორგანიზება სახელმწიფოს სრული პატრონაჟით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი წევრების შერჩევა პრემიერის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
ოთხი დამოუკიდებელი წევრის სავარაუდო კომპეტენცია უნდა შემოიფარგლოს: ა) სარკინიგზო გადაზიდვებით, ბ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებით და მისი ექსპლუატაციით, გ) რკინიგზის როგორც კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვით და კორპორაციული მართვით, დ) კომპანიის ფინანსების მართვით და აუდიტით. ოთხი დამოუკიდებელი წევრის სამოქმედო არეალი ამ მიმართულებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
დამოუკიდებელ წევრებს უნდა გააჩნდეთ – განათლება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, „მართვა და ადმინისტრირება“, “წარმოება და ტექნოლოგიები“, „საერთაშორისო ურთიერთობები“, „სამართალი“, ასევე ამა თუ იმ კომპანიაში ან სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მინიმუმ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.
გარდა ამისა, დამოუკიდებელ წევრებს უნდა გააჩნდეს გამოცდილება – კომპანიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის და შიდა აუდიტის სისტემის დანერგვაში, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებასა და ფასწარმოქმნაში.
საფუძვლიანად უნდა ფლობდნენ – სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, კომპანიის კორპორაციული მართვის ძირითად საფუძვლებს, სარკინიგზო გადაზიდვების კანონმდებლობას და სატარიფო პოლიტიკას.
დამატებით უპირატესობას უნდა წარმოადგენდეს – მსხვილ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოებში, სადაც მომუშავეთა რაოდენობა 500 აჭარბებს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
გარდა ამისა, დამატებით უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო ბაზრებზე და კომპანიებში მუშაობის აგრეთვე ინვესტორების და საფინანსო ინსტიტუტების მოზიდვის გამოცდილება.
ჩამოთვლილი კრიტერიუმებით ნომინირებული საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო ქმედითი და ეფექტიანი ინება”, – წერია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებაში.