აუდიტორული კომპანია „კორა კონსალტინგი“ ქართულ ბაზარზე უკვე მესამე წელია ოპერირებს და კომპანიებს ისეთ მიმართულებებს სთავაზობს, როგორიცაა ფინანსური და საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო და საშემფასებლო მომსახურება.
როგორც კომპანიაში BMG-სთან ამბობენ, თითქმის სამწლიანი საქმიანობის შედეგებით კმაყოფილები არიან. მათი პორტფოლიო ამ ეტაპზე 100-მდე კომპანიას აერთიანებს, ხოლო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს.
“ზრდა-განვითარების და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების კუთხით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ეს მათ შორის იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი კლიენტების რაოდენობა მზარდია და კლიენტის შენარჩუნების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი გვაქვს”,- ამბობს “კორა კონსალტინგის” მმართველი პარტნიორი სოფო ღუდუშაური და დასძენს, რომ კომპანიის მიზანია 1-2 წლის ვადაში ბრუნვამ 2 მილიონ ლარამდე მიაღწიოს და საქართველოს ბაზარზე ადგილი ტოპ 10 აუდიტორულ კომპანიას შორის დაიმკვიდროს.
მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის აუდიტორული მომსახურების შეთავაზებას “კორა კონსალტინგი” მათ შორის საერთაშორისო აუდიტორული ქსელის CLA Global-ის წევრობის საშუალებით ახერხებს. მათი თანამშრომლობა უკვე 2 წელს ითვლის და როგორც CLA Global-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დირექტორი, დენიელ შაჰი აღნიშნავს, საკმაოდ პროდუქტიულია.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე ძლიერი კომპანიით, “კორა კონსალტინგით” ვართ წარმოდგენილები. “კორა კონსალტინგი” მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს კომპანიებს, როგორიცაა აუდიტი, ფინანსური კონსულტაცია, საგადასახადო მომსახურება. ჩვენს ქსელს “კორა კონსალტინგის” გუნდთან ადრეც ჰქონდა თანამშრომლობა და დავრწმუნდით, რომ ისინი კარგი პარტნიორები იქნებოდნენ საქართველოს ბაზარზე. ასე რომ ადგილობრივ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე გაზრდა სურთ, ანდაც ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შესაძლებლობებს ეძებენ, შეუძლიათ “კორა კონსალტინგის” მომსახურებით ისარგებლონ”,- ამბობს დენიელ შაჰი.
ცნობისთვის, CLA Global დამოუკიდებელი აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო საკონსულტაციო ფირმების წამყვანი გლობალური ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში 235 ოფისით და 15 ათასზე მეტი თანამშრომლითაა წარმოდგენილი. ბოლო მონაცემებით, ორგანიზაციის შემოსავლებმა სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რითაც ტოპ 15 ყველაზე მსხვილ გლობალურ აუდიტორულ ქსელს შორის მოხვდა.