დასაწყობების სექტორი მოგებიანობის სამივე პარამეტრი – წმინდა მოგების მარჟა, საოპერაციო მარჟა და მთლიანი მოგების მარჟა – ერთმანეთთანაა თანხვედრაში,- ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის ანალიტიკაშია საუბარი, რომლის მიმოხილვაც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქოიავამ “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკა “ბიზნესი 360°”-ის ფარგლებში წარადგინა.
SavvY-მ ლოგისტიკის, კერძოდ კი დასაწყობების კომპანიების ანალიზი მათ საჯარო ფინანსურ ანგარიშგებებზე დაყრდნობით ჩაატარა.
“მოგებიანობის კუთხით, სექტორში წმინდა მოგების მარჟა საგრძნობლად გაზრდილია, 2021 წელს 15.8%-იდან, 2022-ში 23.9%-მდე გაიზარდა და შემდგომ, 2023 წელს, შედარებით შემცირებულ ბრუნვებთან ერთად, შემცირდა 14.5%-მდე და თითქმის დაუბრუნდა 2021 წლის ნიშნულს.
მოგებიანობის ყველა პარამეტრში, როგორიც არის წმინდა მოგების მარჟა, საოპერაციო მარჟა, მთლიანი მოგების მარჟა, ყველა პარამეტრი ერთმანეთთან თანხვედრაშია: აჩვენებს მკვეთ ზრდას 2022 წელს და შემდგომ სტაბილიზაციას 2023 წელს. მხოლოდ ეს ანალიზი გვაჩვენებს, რომ, ცალსახად, ის ეფექტი, რასაც მაკროეკონომიკურად ვაანალიზებდით გასულ პერიოდებში, ფაქტადაა ასახული ფინანსურ შედეგებში: დადებითი ფაქტორები და ეკონომიკური სიკეთე, რაც შეიძლებოდა ინდივიდუალურ კომპანიებს მიეღოთ – მიიღეს”, – აღნიშნავს მარიამ ქოიავა.
საკონსულტაციო კომპანიამ სასაწყობე სექტორის უკუგება და კაპიტალთან სასესხო ვალდებულების შეფარდების კოეფიციენტიც გააანალიზეს. SavvY-ის თანახმად, სექტორი მდგრადია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკუგებისა და კომპანიებზე გაცემული სასესხო პროდუქტების რაოდენობის ზრდა ადასტურებს.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია უკუგება აქტივებზე. ვხედავთ, რომ 2021 წელს ROA 26.5%-ის ფარგლებში იყო, შემდგომ გაიზარდა 37.1%-მდე და შემდგომ კიდევ გაიზარდა 57,2%-მდე. აქ ვხედავთ მდგრადობის კომპონენტს. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად 2023 წელს წმინდა მოგების მარჟის შემცირებისა (2022-თან შედარებით), კომპანიებმა გააგრძელეს ეფექტურობის ზრდა, რაც ROA-ზე აისახება და ესეც მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომ ვთქვათ, რომ სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას.
მესამე პარამეტრი, რაც უნდა ვახსენოთ, არის ე.წ. debt to equity კოეფიციენტი, ანუ ვალდებულების შეფარდება კაპიტალთან და აქაც საინტერესო ტრენდი გვაქვს: 2021 წლის 2.6-დან შემცირდა 1.2-მდე 2022 წელს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებმა მეტი კაპიტალი დააბანდეს, გაცილებით მეტი იყო ინვესტირებული ინსტრუმენტის წილი კაპიტალზე, სესხთან შედარებით. 2023 წელს ეს კოეფიციენტი გაიზარდა 3.5-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა კაპიტალის ინვესტირება, შედეგი კარგი მივიღეთ და საბანკო დაფინანსებაც გაიზარდა შემდეგ წელს. შესაბამისად, სექტორი რომ არ ყოფილიყო მდგრადი და მოგებიანი, მაშინ საბანკო და სესხის პროდუქტების ზრდა კომპანიებზე ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა”, – განმარტავს მარიამ ქოიავა.
ცნობისთვის, ლოგისტიკის ინდუსტრიის ბრუნვაში წამყვან როლს დასაწყობებისა და ტრანსპორტის დამხმარე აქტივობების სექტორი თამაშობს, რომლის წილმაც გასულ წელს 49% შეადგინა.