საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ახალი საწარმო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება და წლიურად 70 000 ტონა ქსოვილის გადამუშავება შეეძლება. საწარმო ოპერირებას 2028 წლიდან დაიწყებს და 200 ადამიანს დაასაქმებს.
$500-მილიონიანი პროექტი როგორც კერძო კაპიტალის, ასევე სესხების საშუალებით დაფინანსდება. Circ იმედს იტოვებს, რომ საწარმო საფრანგეთისგან სახელმწიფო გრანტებსა და გარანტიებსაც მოიპოვებს, მათ შორის “სტრატეგიული პროექტების გარანტიასაც”, რაც ფრანგული ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელი პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზანს.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების გადამუშავების გზით ცირკულარული ეკონომიკის შექმნა ევროკავშირის ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის წევრი სახელმწიფოების ძალისხმევა ამ მიმართულებით არათანმიმდევრულია, Circ-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ახალი საწარმო ინდუსტრიისთვის გარდამტეხი იქნება.
როგორც მან აღნიშნა, დღეს წარმოებული ტანისამოსის ძირითადი ნაწილი პოლიესტერის და ბამბის შემცველია, რაც მათ გადამუშავებას მნიშვნელოვნად ართულებს – ახალი ქარხანა კი ნიშანსვეტური მიღწევაა როგორც მოდის ინდუსტრიისთვის, ასევე კლიმატისთვის.
გაეროს ინფორმაციით, გლობალური ემისიების 10%-ზე სწორედ მოდის ინდუსტრიაა პასუხისმგებელი – ის უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ავიაციისა და გადაზიდვის ინდუსტრიები ჯამურად. ამასთან, სწორედ მოდის ინდუსტრიაა წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელიც და დამაბინძურებელიც. სწორედ ამიტომ, კომპანიები ცდილობენ შექმნან ტექნოლოგიები, რომლებიც მილიონობით ტონა პოლიესტერისა და კოტონის გადამუშავების საშუალებას გააჩენენ.
აღსანიშნავია, რომ Circ-ის მეწილეები Inditex-ი და Patagonia არიან – გადამუშავებულ ქსოვილებს Inditex-ი უკვე იყენებს ისეთი ბრენდის სამოსის წარმოებაში, როგორიც, მაგალითად, Zara.