ბოსტნეულის მწარმოებელმა მეურნეობა „სამყურამ“ თბილისში, პირველი მაღაზია გახსნა. როგორც მეურნეობის დამფუძნებელი, ნიკა ბაგალიშვილი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, მაღაზია, რომელიც ქავთარაძის №35-ში მდებარეობს, სრულად ორგანულ პროდუქტებზეა ორიენტირებული და მომხმარებლების მხრიდან მაღალი ინტერესით უკვე სარგებლობს.
„მაღაზიის გახსნა ჩემთვის და ჩემი მომხმარებლებისთვისაც ძალიან კომფორტულია. ძალიან კარგი ლოკაციაა, ფართო სივრცითა და პარკინგით. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ახლახან გავხსენით, პროდუქცია დილასვე იყიდება და საღამოს უკვე აღარ არის”, – ამბობს ნიკა ბაგალიშვილი.
მისი ინფორმაციით, მაღაზიაში ამ ეტაპზე მხოლოდ „სამყურას“ მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია იყიდება, თუმცა, ბაგალიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში პარტნიორობას სხვა ფერმერებთანაც გეგმავს, რომლებიც ორგანულ პროდუქტებს აწარმოებენ. ამ ეტაპზე, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მაღაზია ამჟამად ნაწილობრივ ფუნქციონირებს – გახსნილია მხოლოდ გარე სივრცე, რომლის მოსაწყობად დაახლოებით 2,000 ლარის ინვესტიცია გახდა საჭირო. ბაგალიშვილის თქმით, უახლოეს თვეებში შიდა სივრცეც სრულად ამოქმედდება, რაც ხელს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას შეუწყობს.
რაც შეეხება სხვა სამეწარმეო გეგმებს, ბაგალიშვილი დროებით გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას აჩერებს, თუმცა მეურნეობის გაფართოებას მაინც განაგრძობს.
“გასტროტურიზმის მიმართულებით განვითარების გეგმები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დავაპაუზე, რადგან ამ მდგომარეობაში, ამ კუთხით ინვესტირება არაგონივრული მგონია. თუმცა, გეგმაში მაქვს, რომ მეურნეობას კიდევ ორი ახალი სათბური დავამატო, რომელშიც დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტირებას ვგეგმავ და ჯამში, 4 სათბური მექნება. სათბურებში ზამთრის კულტურები, ადრეული და საგვიანო კულტურების მოყვანა იგეგმება”, – განაცხადა ბაგალიშვილმა.
“სამყურა” რამდენიმე წელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს აწარმოებს.