საქართველოში პირველად, თბილისის აეროპორტში ბრენდირებული სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT გაიხსნა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 10 მილიონ ევროს შეადგენს, ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდის და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორს ჯონ დოდელანდს ეკუთვნის, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო.
ibis TBILISI AIRPORT-ის სასტუმრო მასშტაბური, 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანია, აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება.
პროექტისა და მისი განვითარების გეგმების შესახებ BMGTV-ის “ბიზნესის კვირეულის” ეთერში ინვესტორმა, ჯონ დოდელანდმა ისაუბრა.
როდის გადაწყვიტეთ, რომ ეს პროექტი განგეხორციელებინათ? აუქციონში 2017-18 წლებში მიიღეთ მონაწილეობა, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
Ibis Tbilisi Airport პროექტის საწყისი საქართველოში ჩემი საინვესტიციო სტრატეგიისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ეს გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება უნიკალურ შესაძლებლობას, სამთავრობო ტენდერების პროცესში მონაწილეობაზე, რაც ჩემთვის სტრატეგიული კარიბჭე იყო ქვეყანაში ინვესტირებისთვის. თავდაპირველად მიწა დავიკავე და, ამ პროექტის მასშტაბები რომ აღვწერო, საუბარია 38 000 კვადრატულ მეტრზე, რაც დაახლოებით იგივე ფართობია, რაც ამჟამინდელი აეროპორტის. ამიტომ ძალიან ამბიციური პროექტია. ეს სასტუმრო მხოლოდ პირველი ნიშანსვეტია, ვაგრძელებთ ინვესტირებას პარიზის აეროპორტთან, რომლებიც აეროპორტის გაფართოებისთვის $125-მილიონიან ინვესტიციას გაიღებენ, რადგან ამჟამინდელმა აეროპორტმა დატვირთულობის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
ჯონ, “Ibis Tbilisi Airport-ი სასტუმროზე მეტია, ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრებით ტკბები” – ციტატა მომყავს ოფიციალური რელიზებიდან და ოფიციალური განცხადებებიდან, რომლებიც ვრცელდება. სასტუმროს აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინი და კონცეფცია აქვს – რატომ გადაწყვიტეთ ამ გზით წასვლა და არა უფრო სადა მიდგომით, რომელიც, როგორც წესი, აეროპორტებთან ახლოს მოქმედ სასტუმროებში გვხვდება, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებთან…
როგორც გესმით, ჩვენ მიწა შევისყიდეთ, სასტუმროს მშენებლობა ნულიდან დავიწყეთ და თავად ვმართავთ მას. შესაბამისად, მე და ჩემი გუნდი ამ პროექტში სრულად ვიყავით ჩართულები. თბილისის აეროპორტში ჩვენი მისია არ ყოფილა ტრადიციული, სატრანზიტო სასტუმრო გამოცდილების შეთავაზება, უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენი კონცეფცია და დიზაინი თანამედროვე ადამიანზე ყოფილიყო მორგებული, ამ სტუმრების მოლოდინი კი დღესდღეობით ძალიან მაღალია. ჩვენ მხოლოდ Accor-ის CEO-ს ხედვას მივყვებით. მოგეხსენებათ, Accor ფრანგული ბრენდია, რომელიც ბევრ სხვადასხვა ბრენდსა და სასტუმროს მართავს.
Accor მენეჯმენტში ჩართული არ არის? მხოლოდ პარტნიორობა გაკავშირებთ?
ასეა, რადგან სწორედ მათ ხედვას მივყვებით რომ შევქმნათ 360-იანი გამოცდილება ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, სასტუმროში მხოლოდ ერთ ღამეს ათენებენ, რათა უფრო დიდხანს დარჩნენ. ამიტომ გვაქვს სრული სარესტორნე დაწესებულებები, მაღაზიები, პარკინგი, რა თქმა უნდა, ოთახები, სპორტული დარბაზი, იოგას კლასები და ა.შ. ჩვენ მხოლოდ გამოცდილებას ვაუმჯობესებთ და ნამდვილად, Accor-ის მენეჯმენტისგან ციტატა რომ მოვიყვანო, ამბობენ, ესთეტიკურადაც და ფუნქციურადაც, ჩვენი სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია გლობალურად.
ასე ამბობს Accor-ი?
ზუსტად ასეა. ეს ძალიან გვეამაყება, რადგან, მოგეხსენებათ, ვთანამშრომლობთ ძალიან ცნობილ ფრანგ არქიტექტორთან, კლემონ ბლანშესთან, რომელიც რემ კულას ყოფილი პარტნიორია, თავად კულა კი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორია. შესაბამისად, ბიუჯეტის შენარჩუნებით, რადგან მაინც ბიზნესს ვაკეთებთ, რაღაც შესანიშნავის შექმნა მოვახერხეთ: ხელოვნების კოლექცია, დიზაინი, არქიტექტურა – ყველაფერი განსაკუთრებულად დახვეწილი და გაუმჯობესებულია.
რა იყო ამ პროექტის საწყისი ინიციატივა და ასევე, რა ტიპის თანამშრომლობა გაკავშირებთ ადგილობრივ ფინანსურ სისტემებთან თუ პარტნიორებთან – როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი, რაც ბიზნესის ფორმატსა და მოდელს ეხება?
კომპანია ჩემია და საწყისი ინვესტიცია, რომელიც მიწის საყიდლად გავიღეთ, პირადად ჩემგან მოდიოდა. დღეს უკვე ვთანამშრომლობთ “საქართველოს ბანკთან”, რომელიც, მოგეხსენებათ, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ამასთან, “საქართველოს ბანკი” ბრიტანეთში დალისტულ 200 უმსხვილეს კომპანიას შორისაცაა. წარმატებით გავართვით თავი ამ პარტნიორობას, რაც ძალიან მეამაყება, რადგან “საქართველოს ბანკი” საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციას, ჩვეულებრივ, აღარ დებს. თუმცა ეს პროექტი სტუმარმასპინძლობაზე მეტია, ეს ასევე სტრატეგიული ნაბიჯია როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის, რადგან აეროპორტში ვართ მხოლოდ ჩვენ, ADP და მთავრობა.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ საქართველოს კვლავ ხედავთ ქვეყნად, სადაც ინვესტირება ღირს? რომელი სფეროებია თქვენთვის პრიორიტეტული და უფრო საინტერესო? იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უფრო დიდ ყურადღებას ამ 38 000 მ2-ს განვითარებას დაუთმობთ, ხომ ასეა?
დიახ, მართალი ხართ. მიწას კობი-გუდაურშიც ვფლობთ, მაგრამ ამჟამად მთლიანად აეროპორტის პროექტზე ვართ კონცენტრირებული, რათა სრულად უზრუნველვყოთ მისი წარმატება. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ რადგან სასტუმროს თავად ვმართავთ, უკვე შევქმენით 50-დან 100-მდე სამუშაო ადგილი. აეროპორტში სხვა არაფერია, და გასაკვირია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ბოლო აეროპორტია, რომელშიც აქამდე არც სასტუმრო იყო და არც რამე დაწესებულება გარშემო. საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ წლიურად 7 მილიონ ტურისტზე მეტს მასპინძლობს. სხვა პერსპექტივით რომ შეხედოთ, მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის შეფარდება საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე საფრანგეთში.
ibis TBILISI AIRPORT ოფიციალურად 16 მაისს გაიხსნა. მულტიფუნქციური შენობის მშენებლობისთვის მიწა ინვესტორმა კომპანიამ აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან საინვესტიციო პირობებით შეისყიდა.