ყველა შემთხვევაში, გადადგომის ოფიციალური მიზეზი კვლავ “პირადი განცხადებაა”. თუმცა, მიმდინარე კვირაში გადადგომის გარდა, იყო მაღალ პოზიციაზე მყოფი პირების გადაადგილებაც.
bm.ge გთავაზობთ 2-8 ივნისის საკადრო ცვლილებებს სრულად:
- 2 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვინ ჩაანაცვლებს მგალობლიშვილს უცნობია;
- bm.ge-მ 2 ივნისს გაარკვია, რომ “ქართული ოცნების” მთავრობაში ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია უწყებამ დაადასტურა, თუმცა არ განმარტა მიზეზი და არც ის, ვინ ჩაანაცვლებს ჭელიძეს;
- 3 ივნისს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა თანამდებობა დატოვა და ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მე-6 მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა;
- 4 ივნისს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ დრომდე გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა;
- 4 ივნისსვე, ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო – ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა;
- 5 ივნისს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა;
უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ მიმდინარე კვირის ორშაბათს, 2 ივნისს დააანონსა. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად, წელს, 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება. კობახიძემ ისიც აღინიშნა, რომ შპს-ებსა და სსიპ-ებში ასევე არსებობს პოტენციალი მსხვილი ოპტიმიზაციისთვის, და შესაძლოა, ოპტიმიზაციის შედეგად წლიურმა ეკონომიამ 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.
“ქართული ოცნების” მთავრობაში ჯერ ვერ ამბობენ, ₾52.5 მილიონის ეკონომიისთვის სახელმწიფო საწარმოებიდან რამდენს კადრს/თანამშრომელს გაუშვებენ ან უკვე გაუშვეს.
“ოცნების” საკადრო ცვლილებების გარდა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და საქართველოში მუშაობას ივლისში დაასრულებს.