რესტორნებში მომხმარებლებს სიახლეს არ ვთავაზობთ, ამიტომაც ტურისტებისთვის სოფლის ტურიზმი უფრო მიმზიდველია – ქეთი კვიჭიძე
გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტის, ქეთი კვიჭიძის განცხადებით, რესტორნებში “მომხმარებლებს სიახლეებს არ ვთავაზობთ”, ამიტომაც ტურისტებისთვის სოფლის ტურიზმი უფრო მიმზიდველია. როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა, სარესტორნო ბიზნესმა, რომელიც მომხმარებელს სერვისს შედარებით ძვირად სთავაზობს, პროდუქციის ხარისხზეც უნდა იზრუნოს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ქართული გასტრონომია და ის, რაც სოფლის ტურიზმში ხდება, ტურისტებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და გემრიელია, ვიდრე ის, რაც ბანალურ რესტორნებშია. რესტორნებში ერთნაირი პროდუქცია გვაქვს. მომხმარებლებს სიახლეს არ ვთავაზობთ. ამ დროს, ბალახეული შეიძლება განსხვავებულად, საინტერესოდ იყოს მოწოდებული“, – ამბობს ქეთი კვიჭიძე.
გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ყურადღებას პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის მნიშვნელობაზე ამახვილებს.
„პროდუქციის მომარაგების კუთხით დეფიციტები გვაქვს და გარკვეული პროდუქტების მიმართულებით არ არის უწყვეტობა. სარესტორნო ბიზნესი კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემსყიდველია. ამიტომ, მან თავის შენაძენს ყურადღება უნდა მიაქციოს. ჰორეკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი და მდგრადი გასტრონომიის განვითარებაში“, – თქვა გასტრო კონსულტანტმა.