სამოგზაურო ინტერნეტის მიმწოდებელი ოპერატორი MobineX-ის თანადამფუძნებელი, მარიამ კაკაბაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აზიის მიმართულებით ინტერნეტ პაკეტების შეძენა გააქტიურებულია, რაც გასული წლების ტენდენციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„ზამთრის პერიოდში, ტრადიციულად, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა თბილ ქვეყნებზე იზრდება – ლიდერობენ საამიროები, ეგვიპტე, თურქეთი კი პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია. ამ სეზონზე, ასევე გაიზარდა ინტერესები ესპანეთის, იტალიისა და კვიპროსის მიმართულებით. თუმცა, განსაკუთრებით საგულისხმოა აზიური ბაზრების გააქტიურება. ადრე, ძირითადად, ევროპის პაკეტებზე იყო მოთხოვნა, ახლა კი მომხმარებლები აქტიურად იყენებენ მომსახურებას აზიაში მოგზაურობის დროსაც“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
მისი თქმით, MobineX-მა უკვე გააფართოვა დაფარვა მსოფლიო მასშტაბით, როგორც eSIM-ის, ისე ფიზიკური SIM ბარათების ფორმატში. მომხმარებელს 1,800-ზე მეტ სტანდარტულ ინტერნეტ პაკეტზე აქვს წვდომა, ასევე პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ულიმიტო პაკეტები ინდივიდუალური ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით.
„გარდა ინტერნეტით სარგებლობისა, ჩვენს აპლიკაციაში მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ზარებიც ლოკალურ და საერთაშორისო ნომრებზე, მიიღოს შემომავალი ზარებიც, დამატებითი ხარჯების გარეშე”, – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
MobineX-ის წარმომადგენელი ბაზარზე არსებულ კონკურენციას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კონკურენტული ბაზარი კომპანიებს ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს: „კონკურენცია აუცილებელია. ეს ჩვენც გვაიძულებს ვიყოთ ტონუსში, ვიმუშაოთ ხარისხზე და მომხმარებელს შევთავაზოთ მოქნილი, მრავალფეროვანი არჩევანი“, – ამბობს ის.