მეცნიერები ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობენ. თუმცა, როგორც ტოკიოს უნივერსიტეტისა და RIKEN-ის მკვლევრები აღნიშნავენ, მათი ახალი გამოგონება გაცილებით სწრაფად იშლება, ვიდრე არსებული ალტერნატივები, და არ ტოვებს ნარჩენების კვალს.
ტოკიოს მახლობლად მოქმედ ლაბორატორიაში მეცნიერთა გუნდმა გამოგონების დემონსტრირება ჩაატარეს: მარილიანი წყლით სავსე კონტეინერში პლასტმასას პატარა ნაჭერი ერთი საათის შემდეგ დაიშალა და გაქრა.
გუნდს ახალი პროდუქტის კომერციალიზაციაზე დეტალური გეგმა არ წარუდგენია. პროექტის ხელმძღვანელი ტაზუკო აიდა აცხადებს, რომ კვლევამ სერიოზული ინტერესი დაიმსახურა, მათ შორის, შესაფუთი მასალების სექტორის მხრიდანაც.
პლასტმასის ნარჩენების კრიზისის ფონზე მეცნიერები მთელს მსოფლიოში ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობენ. გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის პროგნოზით, 2040 წლამდე პლასტმასით დაბინძურების მასშტაბები სამჯერ გაიზრდება და ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის მოცულობა 37-მდე მილიონ ტონას მიაღწევს.
აიდას განცხადებით, ახალი პროდუქტი იმდენადვე მტკიცეა, რამდენადაც ტრადიციული პლასტმასა, თუმცა მარილთან ურთიერთქმედების შემდეგ საწყის კომპონენტებად უფრო მალე იშლება. ხოლო თავად ეს კომპონენტები შეიძლება კიდევ უფრო მარტივად დაიშალოს ბუნებრივი ბაქტერიების წყალობით, რაც მიკროპლასტმასას წარმოქმნას შეუშლის ხელს.
იმის გათვალისწინებით, რომ მარილი ნიადაგშიც მოიპოვება, 5 სმ-იანი იაპონური პლასტმასას დაშლას ხმელეთზე 200 საათზე მეტი დასჭირდება. ახალი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ზუსტად ისევე, როგორც ტრადიციული პლასტმასის, რადგან ის არ არის ტოქსიკური, აალებადი და არ გამოყოფს ნახშირორჟანგს.