მეღვინეობა “სევსამორა მარანის” ღვინომ – “წინანდალი” ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „სევსამორა მარნის“ მენეჯერმა თამარ ჩიღვინაძემ ისაუბრა.
“კომპანია 2015 წელს დაფუძნდა, თუმცა ბაზარზე 2018 წლიდან ვართ წარმოდგენილი. ამ დროისთვის, დაახლოებით 30-მდე დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ, მათ შორის წარმოების ნახევარი ბიო პროდუქციაა“, – ამბობს ჩიღვინაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას ვენახები 7 ჰექტარზე, კახეთის სოფელ ჯიღაურაში აქვს გაშენებული, საიდანაც 4 ჰექტარი ბიო სტანდარტით მოყვანილია. პროდუქციის 60%-ს კომპანია თავად აწარმოებს, დანარჩენ ნაწილს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ყიდულობს.
“გაყიდვები ძირითადად თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ღვინის ობიექტებში მიმდინარეობს და საგულისხმოა, რომ წლიდან წლამდე გაყიდვების ზრდა შეინიშნება. ღვინის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 25 ლარიდან იწყება და 130 ლარამდე მერყეობს“, – აღნიშნავს ჩიღვინაძე.
მისი თქმით, კომპანია უკვე აქტიურად განიხილავს საექსპორტო შესაძლებლობებს და იტალიისა და ესპანეთის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ახლახან იტალიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, მათმა ღვინოებმა დეგუსტაციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ჩიღვინაძის თქმით, კომპანიას დამატებით მოტივაციას აძლევს საექსპორტო მიმართულებით.