“ოცნების” მთავრობა რუსეთს უახლოვდება და ქვეყანას სანქციების რისკის ქვეშ აყენებს – Fitch Solutions

“ოცნების” მთავრობა რუსეთს უახლოვდება და ქვეყანას სანქციების რისკის ქვეშ აყენებს – Fitch Solutions
ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ Fitch Ratings-ის შვილობილი Fitch Solutions Group Limited-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო რისკებს აფასებს.

ანგარიშში წერია, რომ Fitch-ის ქვეყნის რისკის გუნდის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 2024 წლის 9.7%-იანი ზრდის შემდეგ, 2025 წელს 5.5%-ით გაიზრდება.

“ძირითადი დაღმავალი რისკები გამომდინარეობს „ქართული ოცნების“ მთავრობასა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მზარდი დაძაბულობიდან, რაც გამოწვეულია ქვეყნის სულ უფრო პრორუსული საგარეო პოლიტიკური პოზიციით. პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებულია, რადგან მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ქვეყანაში დასავლურ გავლენას, მაშინ როდესაც მოსახლეობა ძირითადად ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა”, – წერია ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და პოტენციური სანქციების ეკონომიკური შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ქვეყნის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები შეამციროს.

Fitch Solutions აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის შორეულ პერსპექტივად რჩება, ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმების საჭიროებისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით.

ანგარიშში ნახსენებია ჩინეთიც. კერძოდ, წერია, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტმა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ საპასუხო სანქციების სერია გამოიწვია, თუმცა, ქვეყნის რისკის გუნდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მინიმალური იქნება.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირი და აშშ ერიდებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი აზრის გაუცხოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაახლოება მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი”,- წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს მიგრაციის ეფექტსაც და ხედავს რისკს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დესტაბილიზდეს რუსი მიგრანტებისა და მათი კაპიტალის უეცარი ან მასშტაბური გადინების შემთხვევაში.

ის ასევე ელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ინფლაციის შერბილების შესაბამისად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *