“ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა – გია ჯაფარიძე

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა – გია ჯაფარიძე
დიპლომატი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი ძალიან ბუნებრივი რეაქციაა ევროკავშირის მხრიდან იმ ქმედებებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. მან ამის შესახებ BMG-სთან პოლონეთის პრემიერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა EU-ის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მრავალი თვეა განხილვის საგანია, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.

“ბატონი ტუსკის განცხადება არ იყო პირველი. ჩვენ მანამდეც მოგვისმენია ამ შინაარსის განცხადებები ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების, ისევე, როგორც წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ნებისმიერი ხელშეკრულება შედგება გარკვეული პირობებისგან, რომელსაც ორივე მხარე აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” მხრიდან დარღვეულია, როგორც ასოცირების შეთანხმების მუხლები, ასევე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპის კავშირთან დადებული შეთანხმების პირობები. ბუნებრივია, როდესაც ერთი მხარე არღვევს შეთანხმების პირობებს, მეორე მხარეს აქვს უფლება, რომ განიხილოს საკითხი ამ ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვერ ვხედავ ვერაფერ გასაკვირს იმაში, რასაც ევროპის კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება თავისი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.

მე მგონია, რომ ჩვენ ვზარალდებით ყოველ დღე, როცა “ქართული ოცნება” არის ფაქტობრივი მმართველი ამ სახელმწიფოსი. რასაკვირველია, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვთქვათ თავის პროდუქტს ან სერვისს ყიდის ევროპის კავშირში, ცხადია მას ეს ან გაუძვირდება, ან კიდევ შეიძლება საერთოდ შეუჩერდეს, ხომ? დაზარალდებიან ქართული ოჯახები, რომელთა წევრებიც იმყოფებიან ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში, იქ შრომობენ და იქიდან ინახავენ აქ ქართულ ოჯახებს. ცხადია, დაზარალდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოგზაურობენ ევროპის კავშირში, შეიძლება ეს იყვნენ სტუდენტები, ბიზნესის წარმომადგენლები, ან ის ადამიანები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე დადიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მოქალაქეთა ძალიან ფართო სპექტრი შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებული და რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და აბსოლუტურად არ აინტერესებთ ამ სახელმწიფოს ბედი და ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი”,- ამბობს გია ჯაფარიძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *