რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი?

რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2024 წლის დეკემბრიდან იკავებს, ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც არაპირდაპირი გზით, ხმოსნებმა აირჩიეს.

მიხეილ ყაველაშვილის უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გასული წლის მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს ასახავს, ის თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე, ფლობს ავტოფარეხს 88 კვადრატული მეტრის ფართობით. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილი წინა დეკლარაციაში უთითებდა ზრდასრულ გერს გიორგი ივანიშვილს, რომლის სახელზეც თბილისში ჭავჭავაძის 83-ში მდებარე 134 კვადრატული მეტრის ბინა იყო გაფორმებული, ახალ დეკლარაციაში კი მითითებული ჰყავს შვილი გურამ ყაველაშვილი, რომელიც საფეხბურთო კლუბ თელავში თამაშობს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მიხეილ ყაველაშვილი დეკლარაციაში უთითებს საბანკო ანგარიშებზე არსებულ 51 ათას ლარს, რაც სესხის მომსახურე ანგარიშია, ასევე 6 ათას ლარს სხვა საბანკო ანგარიშზე.

დეპუტატის ანაზღაურების სახით მიხეილ ყაველაშვილმა 44,612 ლარი მიიღო, საფეხბურთო კლუბ თელავში კი მისმა შვილმა შემოსავლის სახით 5,698 ლარი მიიღო.

ქონებრივ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილი უთითებს შპს გეომაკის 40%-იან წილს და აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობით მას გასულ წელს სარგებელი არ მიუღია.

საბანკო ვალდებულებებიდან ყაველაშვილს აქვს 56 ათასი ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი.

2025 წლიდან მიხეილ ყაველაშვილის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან 1 იანვრიდან პრეზიდენტის ანაზღაურება 159,600 ლარამდე გაიზარდა. შედარებისთვის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანაზღაურება 83,600 ლარი იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *