“უკვე იყო მკვლელობები და ნგრევა, თუმცა ამ სასაკლაოს შეჩერების დრო ჯერ კიდევ არის. შემდეგი თავდასხმები ბევრად სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება და გადაარჩინოს ის, რაც ერთ დროს ირანის იმპერიის სახელით იყოს ცნობილი. შეწყდეს სიკვდილი და ნგრევა, იმოქმედეთ სანამ გვიანი არ არის. ღმერთი გფარავდეთ ყველას”, – წერს ტრამპი X-ზე.
როგორც Al Jazeera წერს, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომის გამართვა უკვე მოითხოვა. დღეს, 13 ივნისს, გამთენიისას ირანში დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში “კრიმინალური აქტი” უწოდა ისრაელის ქმედებებს.
“უკანონო და წინასწარ დაგეგმილი აქტით, სიონისტურმა რეჟიმმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კოორდინირებული სამხედრო თავდასხმების სერია განახორციელა, რაც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევაა. ამის შედეგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ამირ საიდ ირავანის მიმართვაში.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი რაშიდი.