უახლოეს მომავალში, სხვა რეგიონებში სასტუმროების გახსნას არ ვგეგმავთ და აგიხსნით – რატომ – “Inn ჯგუფ

უახლოეს მომავალში, სხვა რეგიონებში სასტუმროების გახსნას არ ვგეგმავთ და აგიხსნით – რატომ – “Inn ჯგუფ

„უახლოეს მომავალში, სხვა რეგიონებში შესვლას და სასტუმროების გახსნას არ ვგეგმავთ და აგიხსნით – რატომ“ – ამის შესახებ „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

დღესდღეობით, „Inn ჯგუფი“ სასტუმროებს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში ფლობს.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ერეკლე კოკაიას თქმით, „Inn ჯგუფი“ საქართველოს სხვა ქალაქებში, ჯერჯერობით, სასტუმროების გახსნას არ აპირებს, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობაა.

კერძოდ, მისი შეფასებით, მართალია, ჯამურად, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ უფრო მეტად არის გაზრდილი სასტუმრო ოთახების რაოდენობა და შესაბამისად, გაზრდილი კონკურენცია სასტუმროების დატვირთულობას ამცირებს.

„გვინდოდა, ყველა რეგიონში ვყოფილიყავით წარმოდგენილები; 2015-2017 წლებში ძალიან სწრაფად ვაშენებდით სასტუმროებს, მაგრამ პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა და ჩვენი გეგმებიც შეიცვალა…

მართალია, იყო და არის ბევრი შემოთავაზება სხვადასხვა რეგიონის მხრიდან, რომ დიდი პოტენციალი აქვს სასტუმროების გახსნას მაგალითად, სამეგრელოში, რაჭაში და დიახ, აქვს პოტენციალი, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად რეალურია და მოგებიანი იქნება ესა თუ ის პროექტი“, – ამბობს „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სასტუმრო ინდუსტრიის საინვესტიციო მიმზიდველობის ანალიზის დროს, ერეკლე კოკაიამ „წერტილთან“ ინტერვიუში გამოყო საქართველოს ტურიზმის სეზონურობაა.

“მაგალითად, თიბისი კაპიტალის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 45%-ს შეადგენდა, მაგრამ სად?! – ზამთრის კურორტებზე დატვირთულობის კოეფიციენტი ბევრად მაღალი იყო, მაგრამ სხვა რეგიონებში სასტუმროები რთულ მდგომარეობაში იყვნენ.

Inn ჯგუფის მიდგომაა, სადაც დავაარსებთ სასტუმროს, იქ პერმანენტულად დავასაქმოთ ხალხი და არა სეზონურად. მახსოვს, 2017 წლამდე სანამ „გუდაური ინნს“ გავხსნიდით, ზაფხულში სასტუმროების უმრავლესობა იკეტებოდა და უნდა ადამიანს ისეთი სამსახური, სადაც 4 თვე იმუშავებს?! ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა. შეიძლება, ტურისტულ სეზონზე კარგად იმუშაო და მოგებაც ნახო, მაგრამ სწორედ სეზონურობის გამო, დანარჩენი თვეები ვერ ამუშაო სასტუმრო და შესაბამისად, ჩადებული ინვესტიცია ვერ ამოიღო…

დიახ, სასტუმროები შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ რას ვადარებთ?! ჩვენი ხარჯები პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, მაგრამ შემოსავლები გაიზარდა?! – არა და სანამ არ იქნება ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, ხარჯებს ვერ დაფარავს შემოსავალი და ინდუსტრია ვერ გახდება ისეთი მოგებიანი, როგორიც 2019 წლამდე იყო“, – განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

მართალია, „Inn ჯგუფის“ უახლოეს გეგმებში ახალი სასტუმროების აშენება არ შედის, მაგრამ როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში ჯგუფის დირექტორმა თქვა, მუდმივად ცდილობენ, არსებულ სასტუმროებში ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესება-განახლებას, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.

„წელს, გუდაურში ახალი, პრემიუმ ხარისხის კორპუსი დავამატეთ. ასევე, „ქუთაისის ინში“, 1 თვეში აუზსაც ვხსნით. ესაა დამატებითი სერვისები, რათა ტურისტებისთვის მომხიბვლელი დავრჩეთ“, – ამბობს ერეკლე კოკაია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *