ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ბრიტანეთის მოქალაქე, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადაურჩა, რომელიც თვითმფრინავში 11A ადგილზე იჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამეში ერთადერთია, ვინც შემთხვევას გადაურჩა. პოლიციის კომისარი მალიკის განცხადებით, პაციენტი კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას გადის. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავიაკატასტროფაში დაიღუპა გუჯარატის ყოფილი მინისტრი, 68 წლის ვიჯაი რუპანი. ინდოეთის მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ჟურნალისტები ვიშვაშს საავადმყოფოში გაესაუბრნენ. მან ჟურნალისტებს თავისი ბილეთი აჩვენა, სადაც მითითებული იყო მისი ადგილის ნომერი თვითმფრინავში. “აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმა გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა”, — ამბობს ავიაკატასტროფას გადარჩენილი. ვიშვაში გატეხილი ლუქის მეშვეობით საავარიო გასასვლელიდან გამოვიდა. მისი ადგილი თვითმფრინავში სწორედ ამ საავარიო გასასვლელთან ახლოს იყო. “არ მჯერა, როგორ გადავრჩი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მეც მოვკვდებოდი, მაგრამ როცა თვალები გავახილე, მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი და ვცადე სკამიდან თავი დამეხსნა და იქიდან გავქცეულიყავი, საიდანაც შემეძლო. სწორედ ჩემს თვალწინ დაიღუპნენ სხვები”, — განუცხადა 40 წლის ვიშვაშ კუმარმა DD News-ს. დაღუპულთა შორის არიან ისინიც, ვინც Air India-ს თვითმფრინავში არ იმყოფებოდნენ. ეს იმის გამო მოხდა, რომ თვითმფრინავი საერთო საცხოვრებელს დაეცა. როგორც BBC-ს აჰმედაბადის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ავიაკატასტროფამ ასეთი 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათგან 4 სტუდენტი იყო, 4 კი ამ საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების ნათესავები იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების გამომძიებლები ემზადებიან ავიაკატასტროფის მიზეზების გამოკვლევის მიზნით ინდოეთში წასასვლელად.
ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 40 წლის კაცი გადაურჩა — როგორ
