ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი მომხსენებლები, ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

გავრცელებული განცხადებით, თანამომხსენებლებმა დაგმეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების სასამართლოში დაბარება, სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის წევრების სავარაუდო „შეურაცხყოფის“ გამო, ისევე როგორც დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომების, მათ შორის დაკავებების გამოყენება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე – კომისია, რომელიც იძიებს „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს“ და “მიზნად ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვას ისახავს”.

“ამგვარი განგრძობითი რეპრესიები კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას აშორებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების გზიდან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ და შეცვალოს დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის კურსი. კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს იმ ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელზეც საპარლამენტო ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურა ვრცელდება; ეს მოიცავს მომხსენებელთა რეგულარულ ვიზიტებს, ხელისუფლებასთან მუდმივ დიალოგს და პერიოდულ პლენარულ დებატებს, რათა სრულად შეფასდეს ქვეყნის პროგრესი და პრობლემები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *