ირანისგან საპასუხო იერიშის შემდეგ, ისრაელი თეირანის დაბომბვას აანონსებს

ირანისგან საპასუხო იერიშის შემდეგ, ისრაელი თეირანის დაბომბვას აანონსებს
ისრაელის მიერ ირანისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სარაკეტო იერიშები შაბათსაც გაგრძელდა. თეირანის ინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსზე თავდასხმას 60 ადამიანი, მათ შორის 20 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – ისრაელმა იერიში 150 სხვადასხვა სამიზნე პუნქტზე მიიტანა.

ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ქვეყნის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამურად 200-მდე ბალისტიკური რაკეტა 4-ჯერ გაისროლა.

კონფლიქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც მხარი დაუჭირა ისრაელის ოპერაციას და განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ მიიღებს ბირთვულ შეთანხმებას და თავის ატომურ პროგრამას მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, ვითარება გაცილებით უფრო მძიმე იქნება. აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი 15 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა გაუქმდა.

თავის მხრივ ისრაელი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული არსენალის საწინააღმდეგო ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ისრაელი ირანელებს თავიანთი მმართველის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებს.

“თუ უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ისრაელში რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია სამი ირანელი სამხედრო მეთაური.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *