1775 წლის 14 ივნისს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მხარი დაუჭირა კონტინენტური არმიის ჩამოყალიბებას – ამერიკის პირველი ეროვნული სამხედრო ძალა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა.
აღნიშვნა მუსიკას, ფეიერვერკების შოუსა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს ითვალისწინებს. ამასთან, არმიის 250-ე იუბილე დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა – აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს 79 წელი უსრულდება.
“ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ამერიკის არმიის მამაკაცები და ქალები ბატონობდნენ ჩვენს მტრებზე და იცავდნენ ჩვენს თავისუფლებას. ეს აღლუმი პატივს მიაგებს ჩვენი ჯარისკაცების შესანიშნავ ძალასა და დაუმარცხებელ სულისკვეთებას. მისი გამოტოვება არ მოგინდებათ. უბრალოდ არ გამოტოვოთ”, – თქვა დონალდ ტრამპმა Truth-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში რამდენიმე დღის წინ.
აღლუმი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არმიის აღჭურვილობა, ესტაკადები, მუსიკალური წარმოდგენები და ათასობით ჯარისკაცი წარსულ და ამჟამინდელ ფორმებში, ქვეყნის სამხედრო ძალის დემონსტრირების მიზნით შექმნილი პროგრამების კვირეულის ბოლო ღონისძიებაა. ტრამპმა ვიდეომიმართვაში აღლუმის “დაუვიწყარი” უწოდა: “ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ”.
ოფიციალური უწყებების ცნობით, არმიის იუბილეს ფესტივალისა და აღლუმის ორგანიზება აშშ-ს $25 მლნ-დან $45 მლნ-მდე დაუჯდებოდა. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ანონიმურმა წყარომ USA TODAY-ს მიაწოდა, საზეიმო ღონისძიებებისთვის $40 მილიონი დაიხარჯა.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები მოიცავს არმიას, საზღვაო ფლოტს, საჰაერო ძალებს, საზღვაო ქვეითებს, კოსმოსურ ძალებს და სანაპირო დაცვას – ყველა ეს მიმართულება ჯამურად 450 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი წარმოადგენს თავდაცვის დეპარტამენტისთვის გამოყოფილი დისკრეციული ფედერალური ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს, ან უფრო ფართო გაგებით, ბიუჯეტის იმ ნაწილს, რომელიც სამხედრო ხარჯებზე მიდის. 2024 წლის 11 მარტის მონაცემებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნა $849.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თითქმის იმდენივეს, რამდენსაც 2024 ფისკალური წლისთვის ($842 მლრდ).