გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა, (სასცენო სახელი — “ჭოხოები”) თსუ-ში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი განმარტავენ შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი კონცერტის პარალელურად მათე დევიძისა და სხვა სინდისის პატიმრების სოლიდარობის აქცია იმართებოდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ სტუდენტს, რომელიც სთხოვს ჭოხოებს, რომ განცხადება გააკეთონ მათე დევიძის განაჩენთან დაკავშირებით: “გთხოვ, ერთი სიტყვა თქვი, ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწადნახევარი ჩასვეს…” ვიდეოში ვხედავთ, რომ სცენაზე მყოფი ადამიანები, ხელს უშლიან სტუდენტს, მიუახლოვდეს “ჭოხოებს” და სცენას აშორებენ. ჭოხოების განცხადება: მოგესალმებით, ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ. პირველ რიგში ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც! მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს. ასევე, სოც-ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში. ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეეხება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადამიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა. თსუს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც. კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო. ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია. “სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო. ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება, მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია! ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არა მგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული! დაბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის! პ.ს. კიდევ გვინდოდა რაღაცების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას. მადლობა ყურადღებისთვის, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები“ჭოხოები”! 2025 წლის 12 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 21 წლის მათე დევიძეს მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *