შაბათს, 50-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის ესკალაცია და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილეს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს თეთრი სახლისა და კრემლის პრესსამსახურებმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა შაბათს დაურეკა, რათა „მიელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც მთავარია, ესაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს“.
„ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. რუსეთ-უკრაინაზე საუბარს გაცილებით ნაკლები დრო დავუთმეთ, მაგრამ ეს მომავალ კვირას იქნება“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ სატელეფონო საუბარი „დაახლოებით 1 საათს“ გაგრძელდა. „ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს, რაზეც ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“.
პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, განახორციელოს შუამავლობის ძალისხმევა და აღნიშნა, რომ რუსეთმა შესთავაზა ნაბიჯები, რომლებიც „ურთიერთმისაღები შეთანხმებების მოძიებისკენაა მიმართული“ აშშ-ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს.