იაგო ბიტარიშვილი: გასულ წელს რამდენიმე ღვინის ბარი დაიკეტა – აზიელი ტურისტები ღვინით ნაკლებად ინტერესდებიან

ტურისტული სეგმენტის ცვლილებაზე სექტორი ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა მცირე მარნების წარმომადგენლები გვიხსნიან, რომ ეს ტენდენცია მათ შემთხვევაში შესამჩნევი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა. აზიელი ტურისტები ქართული ღვინით ნაკლებად ინტერესდებიან, რამაც ადგილობრივად ღვინის გაყიდვები გასულ წელსვე შეამცირა.

მცირე მარნების წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის კლების ტენდენცია გასული წლიდან უკვე შესამჩნევი იყო, იაგოს მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, შემცირებულმა გაყიდვებმა ღვინის ბარების ნაწილს პრობლემა შეუქმნა და რამდენიმე მათგანი დაიხურა. 2025 ის პოტენციალის შეფასებისას მეღვინე ამბობს, რომ ტურისტულ სეზონს წელს კარგი სტარტი აქვს.

“ჩინეთიდან, ინდოეთიდან ან დუბაიდანაც ხშირად ჩამოდიან სტუმრები, მაგრამ მათთვის უფრო ნაკლებად საინტერესოა ღვინის მიმართულება და შესაბამისად ამ სერვისებით ნაკლებად სარგებლობენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო გასული წელი, ვინაიდან ღვინის ტურიზმის მიმართულება, როგორც ღვინის ბარებში ისე რესტორნებში ძალიან მოიკლო ქართული ღვინის გაყიდვებმა.

გასულ წელს, რამდენიმე ღვინის ბარიც დაიკეტა და ეს იმის მაჩვენებელია, რომ აზიური მომხმარებელი ნაკლებად ინტერესდება ღვინით, ზოგადად ქართული ღვინით არა, ზოგადად ღვინით. შესაბამისად ღვინის ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი სტუმარი.

რაც შეეხება წლევანდელ წელს, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გაზაფხული საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, წინა წელთან შედარებით კარგი დინამიკა ნარჩუნდება დასავლელი ტურისტის მიმართულებით, ეს იგრძნობა როგორც ჩვენ მარანში, ასევე ადგილებში, სადაც მანამდე აქტიურად შეინიშნებოდა ტურისტები. მე არ ვიცი ეს რას შეიძლება მივაწეროთ, შეიძლება გარკვეული წილი სამუშაოები ჩატარდა, ან დამატებითი რეისები დაინიშნა, როგორც ვიცით. ამავე დროს ძალიან ხშირად გვხვდება უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტელევიზია ან პრომოუშენთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოს შესახებ სიუჟეტებს ამზადებენ. როგორც ჩანს ამ ყველაფერმა ნელ-ნელა თავისი პატარა შედეგი გამოიღო.

იმედია ეს დინამიკა შენარჩუნდება მიმდინარე წელს და გაგრძელდება, წელს თუ არა მომავალი წელს მაინც დავეწევით იმ ნიშნულს, რომელიც იყო პანდემიამდე, მე ვგულისხმობ იმ დასავლელი ტურისტების რაოდენობას, რომელიც მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ არა მარტო ღვინის ტურიზმისთვის საქართველოში, არამედ ზოგადად ტურიზმისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის.”-ამბობს იაგოს მარნის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *