კანონპროექტი, საბოლოო მიღებამდე პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებზე უნდა მოისმინონ და დასკვნები დადონ.
კანონში ცვლილებები 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი ამოქმედება მოითხოვს არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გამართული მუშაობისთვის საჭირო დამატებით ფინანსურ რესურსებს, რაც 2026 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
“2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დაახლოებით 105 208 ლარი: 31 608 ლარი ორი საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურება (ერთ ერთეულზე თვეში 1 317 ლარი) და 73 600 ლარი საქონელი და მომსახურება. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დუშეთის მუნიციპალიტეტში. 2027-2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან დამატებით გამოყოფილი უნდა იქნეს დაახლოებით წელიწადში 35 208 ლარი (31 608 ლარი (შრომის ანაზღაურება)) და 3 600 ლარი მანქანის საწვავი და ტექმომსახურება). 2026 წლისთვის გათვალისწინებული 73 600 ლარი მოხმარდება ერთი ერთეული ავტომანქანის შეძენას (70 000 ლარი) და ამ მანქანის საწვავსა და ტექმომსახურებას 3600 ლარი)”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივა ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებას და მისი არაგვის დაცულ ლანდშაფტში ჩართვას გულისხმობს. კანონპროექტის მიღების მიზანს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით წარმოადგენს.
“ვაშლობის ხეობის არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცევა ხელს შეუწყობს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსების ძირითადი მიზნების მიღწევას.
ა) კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში სუბალპური ტყე-მდელოების, ალპური მდელოების, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტების პირვანდელი სახისა და ბუნებრივ- ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და დაცვა; ბ) არაგვის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; გ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; დ) ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, მდგრადი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა, რათა შესაძლებელი გახდეს, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მიღება”, – წერია პარლამენტის გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში.